„ფიტჩის“ პროგნოზით, მომდევნო წლებში კვლავ მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია შენარჩუნდება - ეროვნული ბანკი

07 დეკემბერი 2024, 11:19 221 ნახვა

საქართველოს ეროვნული ბანკი საკრედიტო სააგენტო „ფიტჩის“ მიერ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის უცვლელად BB დონეზე დატოვებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

სებ-ის ცნობით, „ფიტჩის“ პროგნოზის მიხედვით, მომდევნო წლებში კვლავ მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია შენარჩუნდება. სააგენტოს ვარაუდით, 2025 წელს ინფლაცია 2.1%, ხოლო 2026 წელს 2.3% იქნება.

„როგორც Fitch-ის ანგარიშშია აღნიშნული, ბოლო წლებში დაბალი ინფლაცია ნარჩუნდება. Fitch-ის პროგნოზით, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში, კვლავ მიზნობრივ, 3%-ზე ნაკლები იქნება და 2%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება.

 

„2024 წლის იანვარ-ნოემბერში ინფლაციამ საშუალოდ 1% შეადგინა, რაც 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია, ადგილობრივი ფასების შესუსტებული ინფლაციის გამო“, – ნათქვამია „ფიტჩის“ ანგარიშში.

ეროვნული ბანკის ცნობით, მიუხედავად რეზერვების შემცირებასთან დაკავშირებული რისკებისა, „ფიტჩი“ პოზიტიურად აფასებს სებ-ის მიერ მიღებულ ზომებს, აღნიშნული რისკების შერბილების მიმართულებით და აღნიშნავს, რომ ნოემბერში სებ-მა რეზერვების შევსების მიზნით 124.5 მილიონი დოლარი შეიძინა.

„ამასთან, საკრედიტო სააგენტო აღნიშნავს, რომ სებ-ის გადაწყვეტილება – კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის 5 პროცენტული პუნქტით გაზრდა ხელს შეუწყობს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდას“, – აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.

ანგარიშის თანახმად, გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანა კვლავ განიცდის სოლიდურ ეკონომიკურ ზრდას. სააგენტოს შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში, კვლავ, სახეზე იქნება მშპ-ის დადებითი ზრდის ტემპი და იგი 5%-ის ფარგლებში დასტაბილურდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში