7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან და მიმდებარე ქუჩებიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 14 ადამიანი, მათ შორის, აქციის ათი მონაწილე, მედიასაშუალების ორი თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი წარმომადგენელია, – ამის შესახებ, ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია ყველა მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა, თუმცა არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია.
„მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში, მკურნალობას სამი პაციენტი აგრძელებს. დაშავებულებს ტანისა და თავის არეში, აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები. ასევე – ჩივილები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა ნაწილმა, სამედიცინო დაწესებულებები, ექიმის რეკომენდაციით ან/და საკუთარი სურვილით დატოვა.
აღნიშნული მონაცემები მოიცავს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.