არავითარი კოჰაბიტაციის ნიშანწყალი და არავითარი ლიბერალური-ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა გააგრძელებს დღის წესრიგით მუშაობას, ოთხწლიანი სამთავრობო პროგრამისა და გაცემული დაპირებების შესრულებას.
„ყველაფერი იქნება ძალიან კარგად ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი დღის წესრიგით მუშაობას, ჩვენ გვაქვს შესასრულებელი სამთავრობო, ოთხწლიანი პროგრამა და ის დაპირებები, რომელიც გავეცით წინასაარჩევნოდ. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, გვსურს, რომ 40 მლრდ-ით გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა, გვინდა, რომ 4%-მდე შევამციროთ უმუშევრობა, 4%-მდე შევამციროთ სიღარიბე, შევქმნათ ახალი საუნივერსიტეტო სისტემა და ა.შ. ამასთან ერთად, ამ პროგრამის შესრულებასთან ერთად, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური დღის წესრიგი.
არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და 4 წლის თავზე საქართველოში და უფრო ადრეც, უნდა იყოს თავიდან ბოლომდე დასრულებული ლიბერალური ფაშიზმი. უნდა იყოს განეიტრალებული ის ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების გახლეჩვას, დაპირისპირებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ოთხი წლის თავზე და უფრო ადრეც მივიღოთ სრულიად განსხვავებული ვითარება. აღარ დარჩება კოჰაბიტაციის არავითარი ნიშანწყალი, რაც ძალიან მძიმედ აისახებოდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და თავიდან ბოლომდე გარედან იყო ეს ყველაფერი მოხვეული, არავითარი კოჰაბიტაციის ნიშანწყალი და არავითარი ლიბერალური-ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი“,- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ სინამდვილეში ხელისუფლებას არავითარი ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია, პირიქით, ჩვენ ვართ მაქსიმალურად ორიენტირებული შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, 4 წელიწადში, 2028 წლისთვის ასოცირების დღის წესრიგიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 90%-ზე მეტი იქნება შესრულებული.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ევროინტეგრაციის პროცესი მაქსიმალურად ინტენსიურად გაგრძელდება და ეს გზავნილი ძალიან კარგად გაიგო საზოგადოებამ, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად გაიგეს ეს ყველაფერი პროტესტის შესაბამისმა მონაწილეებმაც. აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნა ვეღარ დგება მათი მხრიდან დღის წესრიგში, გამომდინარე იქიდან, რომ არაფერია რეალურად მოსათხოვი. მეორე პოტენციური მოთხოვნა, რაც მათ შეიძლება გულში ედოთ, ეს არის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა, თუმცა ამ მოთხოვნის დაყენებას ისინი საჯაროდ ვერ ბედავენ ერთი მარტივი მიზეზის გამო, როგორც კი ამ მოთხოვნას დააყენებენ, მაშინვე გაიშიფრება, რომ მათ აქვთ თავიდან ბოლომდე პარტიული დღის წესრიგი. საქართველოში მაინცდამაინც პოპულარული არ არის საკუთარი თავის მიკუთვნება ამ 4-დან რომელიმე პარტიისადმი.
ყველამ იცის, რომ ეს არის ერთი კოლექტიური პარტია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც შედგება 4 პარტიისგან, სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიებისგან. არავის არ უნდა მისი ასოცირება რომელიმე ამ პარტიასთან. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში ვერ აყენებენ ვერც რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნას. შესაბამისად, რჩება უშინაარსო მიტინგები და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ამ ადამიანებს, საბოლოო ჯამში, უჭირთ რაიმე სერიოზული რესურსისთვის თავის მოყრა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, აქამდე ჩვენ გვქონდა ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელსაც სინამდვილეში არ ჰქონდა არავითარი შინაარსი. ჩვენ გვინდა, თვისებრივად გადავტვირთოთ ურთიერთობები და დავიწყოთ საუბარი რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
პრემიერის თქმით, ხელისუფლების სურვილია, სტრატეგიულმა პარტნიორობამ კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანოს ქვეყნის მოსახლეობისთვის.