2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, რაც წესითაც ჩატარდა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, არცერთი პუნქტი არ იქნება 2017 წლის რეგულაციისგან განსხვავებული.
მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ საქართველოს პარლამენტი 20-ზე მეტ საკითხზე იმსჯელებს მიმდინარე კვირაში, მათ შორის საარჩევნო კოდექსზე.
„ამ კანონს როცა მივიღებთ მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, ყველა ნორმის დამთხვევით, რაც წესითაც ჩატარდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მაჟორიტარების რაოდენობით, შესაბამისი პროპორციით, 4-პროცენტიანი ბარიერით და ა.შ. 2017 წელს რაც იყო, ყველა პუნქტი იქნება დაცული. არცერთი სხვა გადაწყვეტა არ იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, მმართველი პარტიის წევრები საერთო გადაწყვეტილებებს ეთანხმებიან.
„ჩვენი გუნდი არის ძალიან მყარი თავის გადაწყვეტილებებში, ყველამ ზუსტად იცის და ჩვენმა მოქალაქეებმაც შეუძლიათ, ზუსტად იცოდნენ, რომ ამ გუნდის სიმყარე, სიმართლე საკუთარი სამშობლოს წინაშე განაპირობებს იმას, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, ისევე როგორც, 16-20 დეკემბრის მოვლენები დავაზღვიეთ, დავაზღვევთ ყველა რისკს, რაც კი შეიძლება, მოდიოდეს იმ ადამიანებისგან, პირთა ჯგუფისგან თუ სხვა ე.წ. პოლიტიკური პარტიებისგან. დღეს გახმოვანდა რამდენიმე დღის წინანდელი ამბავი, რომ მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფის ლიდერმა, გიორგი გახარიამაც საკუთარი პირით აღიარა, რომ ახალ წლამდე თუ არა, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მაინც უნდა მოასწრონ. მგონი, ერთი ფრაზა გამორჩა ყველას, პირველი ფაზის გადალახვა, მეორე ფაზაში არ იგულისხმება, ალბათ ამას ყველა ხვდება. ამას გვქონდა ბევრი მსჯელობა და გუნდის ყველა წევრი უერთდება და ადასტურებს საერთო გადაწყვეტილების სისწორეს. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის სახელით შემიძლია, ვთქვა, რომ ყველა ძალიან მყარია თავის გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა მდინარაძემ.