ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარი

11 დეკემბერი 2024, 18:01 231 ნახვა

ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას თავად „ქართული ოცნება“ ავრცელებს. მმართველი პარტიის ცნობით, სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა და ერთ საათს გაგრძელდა. მათივე განმარტებით, საუბარი საქართველოში შექმნილ ვითარებას შეეხო.
ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კონტაქტი ისევ შედგება. „ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე „ქართული ოცნება“ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს, სადაც წერია რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, საუბრისას, მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება.
რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს.
ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე განუმარტა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა. გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში