საქართველოს თუ სურს, შეუერთდეს ევროკავშირის ოჯახს, უნდა დაეყრდნოს ჩვენს საერთო ღირებულებებს, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას - ჰერჩინსკი

12 დეკემბერი 2024, 11:44 211 ნახვა

საქართველოს თუ სურს, შეუერთდეს ევროკავშირის ოჯახს, უნდა დაეყრდნოს ჩვენს საერთო ღირებულებებს, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკსიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს აზრის მშვიდობიან გამოხატვას და დგას ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის გვერდით.

"ჩვენ, როგორც ევროკავშირი, ვდგავართ თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების პრინციპებზე. თავისუფალი მედია აბსოლუტურად აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. საქართველოს კი, თუ სურს გახდეს ერთ-ერთი ჩვენგანი, შეუერთდეს ევროკავშირის ოჯახს, უნდა დაეყრდნოს იმავე ღირებულებებს. ეს არის ჩვენი საერთო ღირებულებები - დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები, შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება.

 

ასე რომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ აზრთა მრავალფეროვნებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანებს, თავიანთი აზრის მშვიდობიანად გამოხატვაში. სწორედ ამიტომ, ძალადობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ თბილისის და სხვა მრავალი ქალაქის ქუჩებში, აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. გვესმის მათი ხმა, რომ სურთ უკეთესი მომავალი საკუთარი თავისთვის, შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ვიქნებით ქართველი ხალხის გვერდით, მათი ევროპული არჩევანის გვერდით“, - აღნიშნა ჰერჩინსკმა.

ჰერჩინსკის თქმით, მომდევნო კვირაში გამოჩნდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები.

"ყოველთვის მკაფიოდ ვამბობდით, რომ არ გვსურს, ზიანი მივაყენოთ და დავსაჯოთ ქართველ ხალხი, რომელიც ყოველ საღამოს გამოდის ქუჩაში და საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აფრიალებს. სრულად მესმის, რამდენად რთულია ეს მათთვის. ჩვენი განზრახვა მათი დასჯა არაა. ჩვენი მიზანია საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან ძლიერი გზავნილის გაგზავნა, რომ მათი ტრაექტორია, რომელიც მრავალი თვეა, აირჩიეს, განსაკუთრებით კი, ბოლო ორ კვირაში, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის სასტიკი გამოყენებით, დაუშვებელია. მოდით, დაველოდოთ მომდევნო კვირას და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ წევრი ქვეყნები კოლექტიურად“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, ძალადობა ყოვლად მიუღებელია.

"9 დეკემბერს  ჩვენ აღვნიშნეთ ადამიანის უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე. მე შევხვდი უფლებადამცველთა ჯგუფს საქართველოში. მათ მითხრეს თუ რა ხდება, ცემა, რომელიც განსაკუთრებით დაკავების შემდეგ ხდება, წამების ტოლფასია. ეს უნდა შეწყდეს. ვინც ამ ცემების უკან დგას, განსაკუთრებით კრიმინალური დაჯგუფეები, რომლებიც თბილისის ქუჩებში გასულ უქმეებზე ვიხილეთ, უნდა გამოიძიონ.

ძალადობაზე, პოლიციის, სპეცრაზმისა და ამ კრიმინალური დაჯგუფებების სისასტიკეზე პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ და დაკავებულები სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ. ვიცი, რომ ზოგიერთ მათგანს ადმინისტრაციული სამართალდარღვევით აქვს ბრალი წარგენილი. ეს ხალხი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში