აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაცია, რომელმაც არჩევნები წააგო, ამერიკელი ხალხის სახელით ურთიერთობას აფუჭებს მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პაპუაშვილი გამოეხმაურა სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელ განცხადებას.
„პირველ ყოვლისა, ეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც არჩევნები წააგო. მათი მანდატი იწურება და ამის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის სახელით ურთიერთობას აფუჭებენ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის საქართველო და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დამაფიქრებელია.
მეორე – პარადოქსულია, რომ სწორედ ამ ადმინისტრაციამ მრავალწლიანი პატიმრობით დასაჯა კაპიტოლიუმთან დემონსტრაციის მონაწილეები. როგორც ჩანს, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. არ შეიძლება, დემოკრატია ერთ შემთხვევაში ერთ რამეს ნიშნავდეს, ხოლო მეორე შემთხვევაში – სხვას.
და მესამე – ამერიკის წარმავალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში იყო სააკაშვილის ბოლო წლებშიც, როდესაც ადამიანების წამებამ განსაკუთრებით სასტიკი სახე მიიღო, ფაქტობრივად, განადგურდა თავისუფალი მედია და ბიზნესის რეკეტი სახელმწიფო სისტემის ნაწილად იქცა. ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი არამცთუ სანქცია, არამედ მკვეთრად კრიტიკული პოზიციაც კი მაშინდელი ადმინისტრაციისგან, რომელიც დღესაც გახლავთ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და როგორც ვთქვი, წარმავალი ადმინისტრაცია.
ამ ფაქტორების გამო, ამერიკის წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და აზრს მოკლებულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.