საქართველო არ წყვეტს ვალდებულების შესრულებას, 2028 წლისთვის მზად იქნება ევროინტეგრაციის პროცესის დასაწყებად, ხოლო 2030 წელს საუკეთესო ფორმაში იქნება გასაწევრიანებლად - ნიკოლოზ ლალიაშვილი

14 დეკემბერი 2024, 11:31 246 ნახვა

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ ლალიაშვილმა ადგილობრივი სააგენტოს, Kazinfrom-ის კორესპონდენტთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

როგორც ნიკოლოზ ლალიაშვილი აღნიშნავს, საქართველოში დაგეგმილი რევოლუცია ჩაიშალა.

„ვითარება ხელოვნურად დაიძაბა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგები განცხადება, რომ საქართველო 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხს. ამასთან, მან განაცხადა, რომ ქვეყანა არ წყვეტს ვალდებულებისა და პროცედურების შესრულებას. ამრიგად, 2028 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროინტეგრაციის პროცესის დასაწყებად, ხოლო 2030 წლისთვის საუკეთესო ფორმაში იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ქართული საზოგადოების ნაწილს ეს გადაწყვეტილება წარუდგინეს, როგორც საქართველოს ევროპული კურსიდან, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნიდან – ევროკავშირში გაწევრიანებიდან გადახვევა“, – აცხადებს ნიკოლოზ ლალიაშვილი.

საქართველოს ელჩის შეფასებით, ვითრება ხელოვნურად იყო დაძაბული, რამაც მოსახლეობის ნაწილის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, უკმაყოფილება გამოიწვია.

მისი თქმით, არეულობის მთავარი ორგანიზატორები ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ, ვითარება კი გაამწვავა, მათ შორის, ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა.

ნიკოლოზ ლალიაშვილი სამართალდამცველების რეაგირებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ პოლიციამ კარგად იმუშავა. ნიკოლოზ ლალიაშვილი საუბრობს მათ გამძლეობაზე და სამართალდამცველებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.

მისი შეფასებით, რადიკალურმა ჯგუფებმა მოზარდები სპეცრაზმთან დაპირისპირებისთვის გამოიყენეს და პოლიციას ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ.

„აღმოჩენილია „მოლოტოვის კოქტეილების“ დასამზადებელი მასალები, რომლებიც ამოღებულია არასამთავრობო და ოპოზიციური პარტიების ოფისებიდან. ამ ორგანიზაციების საწყობებში დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და გაზის ნიღბები აღმოჩნდა. ეს მეტყველებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამდე მზადება მიმდინარეობდა“, – აცხადებს ნიკოლოზ ლალიაშვილი.

მისივე თქმით, ყველაფერი, რაც საქართველოში მოხდა, შეიძლება შეფასდეს, როგორც უმიზნო, არაეფექტური, დამანგრეველი ქაოსი.

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ოპოზიციამ მთლიანობაში ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე გამარჯვებულმა მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, თუმცა, მიუხედავად ამისა, ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ხალხს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდეს, მაგრამ ქუჩაში მხოლოდ მათი პარტიული აქტივი გავიდა.

„ოპოზიციამ არ სცნო არჩევნები, თუმცა ცნო არჩევნების მთავარმა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR), მათ აღიარეს არჩევნების შედეგები, ახალი პარლამენტი შეიკრიბა და მინისტრთა ახალი კაბინეტი დამტკიცდა. ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე იმყოფებოდა ეუთო-ს მინისტერიალზე. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ასევე, მივიღეთ მილოცვის წერილები, მათ შორის ყაზახეთის პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის პარლამენტის თავმჯდომარისგან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრისგან. ყაზახეთმა ადეკვატური რეაგირება მოახდინა ყველაფერზე, რაც საქართველოში ხდება და დიდი მადლობა ამისთვის. ჩვენ ვაფასებთ ყაზახეთის მხარდაჭერას საქართველოსთვის ამ რთულ პერიოდში“, – აცხადებს ნიკოლოზ ლალიაშვილი.

ნიკოლოზ ლალიაშვილი ინტერვიუში საქართველოს სატრანსპორტო როლზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ყაზახეთს წარმატებული თანამშრომლობა აქვთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სფეროში, განსაკუთრებით აღსანიშნავია ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის განვითარებისთვის ერთობლივი ძალისხმევა, რომელიც წლიდან წლამდე ტვირთების გადაზიდვის მზარდი დინამიკით გამოირჩევა.

საქართველოს ელჩი აცხადებს, რომ ქართული მხარე ყოველთვის არის მიწვეულ სტუმრებს შორის ყაზახეთის მიერ გამართულ საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმებზე. ელჩის თქმით, წელს დადებითი დინამიკაა ყაზახეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ სავაჭრო ბრუნვაში. 10 თვეში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28%-ით გაიზარდა და 770 მილიონი დოლარი შეადგინა, მზარდია ვიზიტორების რაოდენობაც ყაზახეთიდან, 2024 წლის სამ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, 39%-ით არის გაზრდილი ტურისტების რაოდენობა.

ნიკოლოზ ლალიაშვილის ინტერვიუს თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში