სალომე ზურაბიშვილი ტოვებს პრეზიდენტის ინსტიტუტის დამახინჯებულ აღქმას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიმართ არასწორი აღქმები გააჩინა და სწორედ მისი დამოკიდებულებიდან გამომდინარე აქვს საზოგადოებას არასწორი ცოდნა ამ მიმართულებით.
„კრიტიკას როდესაც მიმართავენ ხოლმე, კრიტიკის საფუძვლებშივე ჩანს, რომ წინა პრეზიდენტებმა საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიმართ საპარლამენტო რესპუბლიკაში არასწორი აღქმები გააჩინეს. მაგალითად, ჩვენ გვესმის კრიტიკა საგარეო მიმართულებით, როგორ უნდა წარმოადგინოს ყაველაშვილმა ან როგორ უნდა იყოს ჯარის მთავარსარდალი. მას ყველაფერი შეუძლია, იყოს მისი პიროვნული და პროფესიონალური თვისებებიდან გამომდინარე, მაგრამ საერთოდ არ არის საგარეო პოლიტიკის წარმოება მისი განსასაზღვრი და წარმოება პრეზიდენტის საქმე. აქ იგულისხმება ის, რომ საგარეო პოლიტიკას საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტი განსაზღვრავს და აღასრულებს საქართველოს მთავრობა. პრეზიდენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს და იქნება წარმომადგენელი, როდესაც ამის სპეციალურ ნებართვას გასცემს საქართველოს მთავრობა. ამ კონსტიტუციური პრინციპის დარღვევით სალომე ზურაბიშვილმა გააჩინა არასწორი აღქმა, არასწორი სტერეოტიპი, რომ პრეზიდენტის საქმეა თითქოს ეს.
მთავარსარდალზე როდესაც საუბრობენ, მიხეილ ყაველაშვილი მშვენიერი მთავარსარდალი იქნება, მაგრამ ესეც აღქმულია, თითქოს რაღაც ჯარს უნდა უხელმძღვანელოს. იმდენად სიმბოლურია პრეზიდენტის ეს კომპეტენცია, მას არ სჭირდება რაღაც სპეციალური ცოდნა ჯარის შენაერთების გადაადგილების თუ სამხედრო ოპერატიული ტაქტიკის შესახებ. ანუ, ეს აღქმები სალომე ზურაბიშვილმა და მისმა წინამორბედმაც იმდენად არასწორად გააჩინეს, რომ ახლა კრიტიკაც კი, სადაც საკრიტიკოც არ არის ჯერ კიდევ კანდიდატის, არის არასწორი მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარეც, სულ რომ მისი კომპეტენცია იყოს. რეალურად არცერთი, არც მეორე არ არის კომპეტენციის შემადგენელი ნაწილი, ანუ ხშირ შემთხვევაში არის სიმბოლური, ცერემონიული უფლებამოსილება, რაც რეალურ უფლებამოსილებაში ერევათ ადამიანებს. ჩანს, რომ წინა პრეზიდენტების, განსაკუთრებით, სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებიდან, მისი ინტერვიუებიდან გამომდინარე ახალგაზრდებს თუ სხვა ადამიანებს, ყველას შეექმნათ არასწორი შთაბეჭდილება, არასწორი ცოდნა შეიძინეს ამ მიმართულებით და არასწორი აღქმები პრეზიდენტის კომპეტენციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება, სალომე ზურაბიშვილის მიერ ორბელიანების სასახლის დატოვებაზე უარს, მდინარაძემ აღნიშნა:
„სიმბოლური თანამდებობაა, ხელისუფლების შტო საერთოდ არ არის, მაგრამ მიიტაცებს პრეზიდენტის ინსტიტუტს? ანუ დანაშაულს ჩაიდენს? ინაუგურაციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ თქვენ, რომ გადაწყვიტოთ ასეთი რაღაცის გაკეთება, გინდაც შეჭრილხართ და გინდაც იქ შესულხართ და აღარ გამოსულხართ ხომ, ანუ სალომე ზურაბიშვილი, ამ შემთხვევაში უკვე მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი გამაგრდება პრეზიდენტის სასახლეში და ჩაიდენს დანაშაულს? მგონი, ნათელია აქ ყველაფერი", - განაცხადა მდინარაძემ.