ყველამ უნდა სცეს პატივი ეუთო/ოდირის შეფასებებს და არა იმდაგვარად, როდესაც თუ მოგვწონს დასკვნა, მისაღებია და თუ არ მოგვწონს - მიუღებელია - გიორგი კალანდარიშვილი

14 დეკემბერი 2024, 16:13 252 ნახვა

ეუთო/ოდირის შეფასებაში არჩევნების ტექნიკურად გამართულობაზე და კარგად ადმინისტრირებაზე არის საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ საუბარია გარკვეულ წუხილებზე, რეკომენდაციებზეც, ეს არ არის ის ნაწილი, რომელსაც შეეძლო, რაიმე გავლენა მოეხდინა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ ასეთი ტიპის შეფასება გვხვდება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებშიც და ეს უნდა იყოს სახელმძღვანელო სხვადასხვა ჩართული მხარისთვის.

„რაც შეეხება თავად პოლიტიკურ შეფასებებს და პოლიტიკურ პროცესს, ეს არ წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის შეფასების საგანს და ბუნებრივია, ამ ნაწილში მოკლებული ვართ შესაძლებლობას, შევაფასოთ ჩართული მხარეების შეფასებები სხვადასხვა არჩევნების ლეგიტიმაციასთან მიმართებაში.

 

ჩვენთვის სახელმძვანელოა საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვა ჩართული მხარეების დოკუმენტები. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის დასკვნა, ისევე როგორც სხვა ამერიკული, თუ ევროპული ინსტიტუტების მიერ დაწერილი დასკვნები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებთან და შემდგომ განვითარებულ პროცესებთან მიმართებით ცალსახად საუბრობს იმაზე – მხედველობაში მაქვს წინასწარი შეფასებები და აქამდე გაკეთებულ მიგნებებზე დაყრდნობით ვსაუბრობ ამას, იქედან გამომდინარე, რომ ყველამ ვიცით, ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას და შესაბამისი ვადები აქვს ამ ყველაფერს – სადაც არჩევნების ტექნიკურად გამართულობაზე და კარგად ადმინისტრირებაზე არის საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ასევე საუბარია გარკვეულ წუხილებზე, გარკვეულ რეკომენდაციებზე, ეს არ არის ის ნაწილი, რომელსაც შეეძლო, რაიმე გავლენა მოეხდინა ან რაიმე სისტემურ გადაცდომაზე ესაუბრა.

 

ასეთი ტიპის შეფასება გვხვდება როგორც ეუთო/ოდირის, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში და ეს არის ჩვენთვის სახელმძღვანელო. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ასევე სახელმძღვანელო სხვადასხვა ჩართული მხარისთვის, როდესაც აკეთებენ გარკვეული ტიპის შეფასებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს რაიმე მტკიცებულება, ფაქტი და არა ვარაუდები, დეზინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს არჩევნების მანიპულაცია განხორციელდა.

 

დღევანდელ დღემდე არ დგინდება არცერთ შემთხვევასთან მიმართებით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რადგან როგორც იცით, მიმდინარებს საქართველოს პროკურატურაში გამოძიება და ჩვენ ვიყავით ის უწყება, რომელმაც გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ობიექტური, ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით მივმართეთ მათ, რომ კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში განხორციელებულიყო საკითხის შესწავლა. ცხადია, ეს აღემატებოდა ცესკო-ს კომპეტენციასა და უფლებამოსილებას, რაც დარწმუნებული ვარ, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისას აუცილებლად კიდევ უფრო მეტად მოჰფენს ნათელს, ვიდრე ეს არის სხვადასხვა უწყების მხრიდან“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, ვინმეს თუ აქვს რაიმე ხელშესახები მტკიცებულება, ფაქტი, ინფორმაცია, რომ რაიმე არსებით გადაცდომას, მანიპულაციას ან დარღვევას ჰქონდა ადგილი კენჭიყრის დღეს, შესაბამისმა უწყებებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები და შემდგომ ექნება ცესკო-ს არსებითად ამ საკითხთან დაკავშირებით განხილვისა და ჯანსაღ დისკუსიაში შესვლის შესაძლებლობა.

„სხვა შემთხვევაში, ყველამ უნდა სცეს პატივი იმ წინასწარ გაცხადებულ, თუნდაც მოლოდინებს, რომლებიც ეუთო/ოდირის ქვეყანაში ჩამოსვლასთან მიმართებაში ხორციელდებოდა და არა ისე და იმდაგვარად, როდესაც თუ მოგვწონს დასკვნა, ასეთ შემთხვევაში ის მისაღებია და თუ არ მოგვწონს, მიუღებელია. არჩევნების სადამკვირვებლო მისიებს, განსაკუთრებით ეუთო/ოდირს აქვთ შესაბამისი, მრავალწლიანი გამოცდილება მსოფლიო მასშტაბით, განსაკუთრებით ევროპისა და სხვა მომიჯნავე ქვეყნების გათვალისწინებით, შესაბამისი მეთოდოლოგია, შესაბამისი სტანდარტები, ამიტომ საყურადღებო იქნება მათი დასკვნა და ჩვენ ჩვენი მხრივ ველოდებით მათ შეფასებებს, რათა უკვე დაწყებული სხვადასვა სადამკვირვებლო მისიის რევიზიებისა და ანალიზის ფარგლებში გამოვკვეთოთ ის საკითხები, სადაც საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო მეტად საჭიროებს გაუმჯობესებას, დახვეწას და ჩართულ მხარეებთან ერთად  ვიფიქროთ შემდგომი პროცესის გაუმჯობესებაზე, საჭიროების შემთხვევაში“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში