პროფესიული მარშები 2013-2014 წლების მაიდნის სცენარია, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი კაბინეტიდან იღებენ სცენარებს და უზრუნველყოფენ მათ განხორციელებას - პრემიერი

16 დეკემბერი 2024, 15:01 236 ნახვა

რაც შეეხება პროფესიულ მარშებს, შეგიძლიათ გადაახვიოთ, ნახოთ მაიდანი 2013-2014 წლები და ზუსტად იგივე სცენარია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ადამიანები ერთი კაბინეტიდან იღებენ ამ სცენარებს და შემდეგ უზრუნველყოფენ მათ განხორციელებას.

„რაც შეეხება პროფესიულ მარშებს, შეგიძლიათ გადაახვიოთ, ნახოთ მაიდანი 2013-2014 წლები და ზუსტად იგივე სცენარია. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი კაბინეტიდან იღებენ ეს კონკრეტული ადამიანები ამ სცენარებს და შემდეგ უზრუნველყოფენ მათ განხორციელებას. თავისთავად ის ფაქტი, რომ ოპოზიციის ლიდერები კვლავაც ოფისებში არიან შემალულები, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად გაკოტრებულია რადიკალური ოპოზიცია. მათ წააგეს არჩევნები, მათ წააგეს ქუჩა. ვერ ბედავენ ქუჩაში გამოსვლას და ზოგადად, გამოჩენას. ეს ყველაფერი ძალიან კარგია იმისათვის, რომ დასტაბილურდეს და გაჯანსაღდეს საქართველოში პოლიტიკური სისტემა“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ქართული საზოგადოება არის უფრო გამოცდილი და საზოგადოების თანადგომით ხელისუფლებამ შეძლო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების თავიდან აცილება.

„ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, მნიშვნელოვანი გაფრთხილება. ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ მთელი ამ სამი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოში არ განხორციელებულიყო ის სცენარი, რომელიც განხორციელდა უკრაინაში. ყველაფერი დაიწყო 2013 წელს მაიდნით, ამას მოჰყვა მაიდნის დასრულებისთანავე რამდენიმე დღეში პირველი ომი, მოგვიანებით ამას მოჰყვა მეორე ომი და დღეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა არის განადგურებული, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი არის ქვეყნიდან გასული ან ქვეყნის შიგნით არის დევნილად ქცეული. დაღუპულია ასი ათასობით უკრაინელი. ეს ყველაფერი მოუტანა სწორედ იმან უკრაინას, რომ სათანადო სიფრთხილე ვერ გამოიჩინა მაშინ საზოგადოებამ. ქართული საზოგადოება არის უფრო გამოცდილი და შესაბამისად, სწორედ ქართული საზოგადოების თანადგომით ჩვენ შევძელით საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების თავიდან აცილება და პირველ რიგში შევძელით ჩვენი ქვეყნისთვის ომის თავიდან აცილება“, - განაცხადა პრემიერმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში