არა მხოლოდ გულდაწყვეტილი, გაბრაზებულიც ვარ, რა ვერ მოვახერხე, რომ უცხოური გავლენის და „გლობალური ომის პარტიისგან“ სანქცია ვერ დავიმსახურე - გურამ მაჭარაშვილი

20 დეკემბერი 2024, 12:12 122 ნახვა

2025 წლიდან სულ სხვა მსოფლიო დღის წესრიგი დადგება, რომელიც დამყარებული იქნება რწმენაზე, ოჯახურ ღირებულებებზე, პარტნიორობაზე და არა ვასალობაზე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ამერიკაში ერთი თვის შემდეგ იქნება ადმინისტრაცია, რომლის მესიჯები თითქმის ერთი-ერთში ემთხვევა მათ გზავნილებს.

„კოჭლი იხვი კარგად ვიცით, რომელიც არის ამერიკაში მოქმედი ადმინისტრაცია და საქართველოში ეს კოჭლი იხვი სალომე ზურაბიშვილის სახით კიდევ უფრო რთულ ვითარებაშია. როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის ჯერჯერობით მოქმედები პრეზიდენტები დღეებს ითვლიან, რომ ადმინისტრაციებიდან გამობარგდნენ და ეს მოიხსენიება, როგორც კოჭლი იხვი. ამერიკაში ერთი თვის შემდეგ სხვა ადმინისტრაცია იქნება, რომლის მესიჯები თითქმის ერთი-ერთში ემთხვევა ჩვენს გზავნილებს – მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებაზე, რწმენაზე, თუმცა ახლა ბოლო კუდის მოქნევას ვხედავთ, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან.

 

კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ და მათ პატრონებთან კითხვა მაქვს – კაია კალასს ეთანხმებიან, რომელიც ამბობს, რომ უკრაინაში მშვიდობა არ უნდა იყოს და უკრაინას მშვიდობას ნუ სთავაზობენ, თუ დონალდ ტრამპს ეთანხმებიან, რომელიც ამბობს, რომ უკრაინაში მშვიდობა უნდა დაამყარონ? ან ერთი უნდა აღიარონ, ან მეორე. გამოვიდნენ და თქვან, ვის ეთანხმებიან. 2025 წლიდან სულ სხვა მსოფლიო დღის წესრიგი დადგება, რომელიც დამყარებული იქნება რწმენაზე, ოჯახურ ღირებულებებზე, პარტნიორობაზე და არა ვასალობაზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭავარიანის განმარტებით, სიმბოლურია, რომ პატიმარ სააკაშვილს, რომელიც არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების, არამედ საერთაშორისო სასამართლოს მიერ არის ცნობილი დამნაშავედ, ადამიანის უფლებების დაცვისთვის პრემია მისცეს და ვახტანგ გომელაურის მიმართ, რომელმაც ევროპულ დონეზე უფრო მაღლა დაიცვა აქციაში მონაწილე პირები, სანქციები გამოიყენეს.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, როცა საქართველოს მშვიდობასა და სუვერენიტეტზეა საუბარი, შეიძლება, „პატივიც“ კი იყოს უსამართლო და შეურაცხმყოფელი სანქციები.

„სააკაშვილი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის დროს ადამიანები პირდაპირ დახოცა, ევროპიდან ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ჯილდო გადასცეს და მაშინ, როდესაც პოლიციელებს პირდაპირ კლავდნენ პიროტექნიკით რადიკალი აქციის მონაწილეები, პოლიციელები ითმენდნენ და აბსოლუტურად პროპორციული ძალით ცდილობდნენ აქციის კონსტიტუციურ ჩარჩოში მოქცევას, მასზე სანქცია დაუშვეს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მშვიდობასა და სუვერენიტეტზეა საუბარი, შეიძლება, გარკვეული თვალსაზრისით „პატივიც“ კი იყოს ასეთი უსამართლო და შეურაცხმყოფელი სანქციები.

 

არა მხოლოდ გულდაწყვეტილი, არამედ გაბრაზებულიც ვარ – რა ვერ მოვახერხე ისეთი და რა სიმართლე ვერ ვთქვი, რომ უცხოური გავლენის და „გლობალური ომის პარტიისგან“ სანქცია ვერ დავიმსახურე. რაღა უნდა გავაკეთო ისეთი განცხადება თუ ქმედება, რომ მეც  მომაყოლონ რაიმე ტიპის სანქციაში. რატომ? – იმიტომ, რომ როცა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის,  მშვიდობისთვის და ხალხისთვის  იბრძვი, ასეთი ტიპის უსამართლო და შეურაცხმყოფელი სანქციები ნამდვილად პატივი იქნებოდა, რადგან ახლა ისტორია იწერება. ეს ისტორია გაგრძელდება, თუმცა ერთი თვის განმავლობაში დავინახავთ, რომ მსოფლიო პოლიტიკა აბსოლუტურად შეიცვლება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში