ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შეცვლის, რისთვისაც სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

20 დეკემბერი 2024, 13:42 109 ნახვა

მე გამოვხატე ჩემი შეშფოთება იმ კანონმდებლობაზე, რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ფიზიკური პირების უფლებებს. ეს კანონი უნდა შეიცვალოს ისე, რომ სრულად მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, როგორც ეს არის გაწერილი ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაში და ამას როგორც ვენეციის კომისია გვეუბნება, - განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ბოლოდროინდელი კანონმდებლობა არ მოდის შესაბამისობაში ევროპის საბჭოს მოცემულობასთან.

„მე მივესალმები და გეტყვით იმას, რომ მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლიდა "უცხოური გავლენის შესახებ" კანონის შინაარსს, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, იქნება ჩართული ვენეციის კომისიაც და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებების, რომელიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. გამოვხატავ იმედს, რომ ამგვარი პროცესები შეიძლება განხორციელდეს სხვა მიმართულებებითაც, როგორიცაა თანასწორობა, დისკრიმინაციის აღკვეთა, საარჩევნო რეფორმები, ციხისა და პრობაციის რეფორმები და დარწმუნებულები ვართ, რომ ბოლოდროინდელი კანონმდებლობა არ მოდის შესაბამისობაში ევროპის საბჭოს მოცემულობასთან“, - აღნიშნა ბერსემ.

ამასთან, როგორც ბერსემ აღნიშნა, მან მიმართა სახელმწიფო უწყებებს, არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავონ და სწრაფი გამოძიება უზრუნველყონ.

მისივე განცხადებით, უწყებებთან შეხვედრისას ცხადად განვაცხადე, რომ ფუნდამენტური უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, მედიის, შეკრების თავისუფლება უნდა იყოს აბსოლუტურად დაცული.

მისივე თქმით, მიუღებელია ამ უფლებების დარღვევა, განსაკუთრებით, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ.

„უწყებებთან შეხვედრისას აბსოლუტურად ცხადად განვაცხადე, რომ ფუნდამენტური უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, მედიის, შეკრების თავისუფლება გაწერილია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში და მისი განმარტება ხდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად დაცული და მიუღებელია მათი დარღვევა, განსაკუთრებით, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ.

 

ჩვენს პლატფორმაზე გამოგზავნილი იქნა რიგი განგაშის სიგნალების, რაც ეხებოდა ჟურნალისტების წინაშე მომატებულ საფრთხეს, მათ დაცვის საჭიროებას. ასევე ვნახეთ, რომ იყო ბრუტალური თავდასხმები მედია პროფესიონალების წინააღმდეგ. მე მივმართე სახელმწიფო უწყებებს, რომ, პირველ რიგში, თავი შეეკავებინათ არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან. მეორე, სწრაფად განეხორციელებინათ დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ყველა შესაბამისი პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. მესამე – გაეთავისუფლებინათ ყველა, ვინც ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. ამასთან დაკავშირებით გარკვეული დაპირებები მივიღე“, – განაცხადა ალენ ბერსემ.

მისივე თქმით, ევროსაბჭოს აქვს სამოქმედო გეგმა 2024-2027 წლებისთვის, რომელიც მინისტრთა კომიტეტის მიერ არის დამტკიცებული.

„ეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა საქართველოსათვის და ეს გეგმა არის მთავარი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ დავეხმაროთ საქართველოს თავისი ევროპული სულისკვეთების განხორციელებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან მუშაობას, უწყებებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან მუშაობას, როგორც საერთაშორისო ადგილობრივ პარტნიორებთან. მე მოვუწოდებ ყველა დონორს, რომ პირიქით, გააძლიერონ და არ შეამცირონ მხარდაჭერა ამ საქმიანობაში“, - აღნიშნა ბერსემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში