ღია ვართ დისკუსიისთვის ნებისმიერ ფორმატში, შემოთავაზებული თუ იქნება კონკრეტული ფორმატი მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან - პრემიერი

20 დეკემბერი 2024, 14:46 126 ნახვა

ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის ნებისმიერ ფორმატში. თუ იქნება კონკრეტული ფორმატი შექმნილი, შემოთავაზებული მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან, რა თქმა უნდა, აქაც ვართ ღია, შესაბამისად, აქ არის სრული თანხვედრა ჩვენს გზავნილებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ჩვენი გზავნილები არ განსხვავდება. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის ნებისმიერ ფორმატში. კონკრეტული ფორმატი თუ იქნება შექმნილი, შემოთავაზებული მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან, რა თქმა უნდა, აქაც ვართ ღია, შესაბამისად, აქ არის სრული თანხვედრა ჩვენს გზავნილებს შორის. რაც შეეხება კანონის გადასინჯვას, აქ არის ერთი რამ მთავარი – ჩვენ უნდა დაგვისაბუთონ, სად არღვევს ეს კანონი სამართლის პრინციპებს, სადაც დაგვისაბუთებენ ასეთ რამეს, რომ არის სამართლებრივი ხარვეზები, რა თქმა უნდა, მზად ვართ გადასინჯვისთვის. შესაბამისად, პრაქტიკულად ვიმეორებთ იმას, რასაც ამბობს ბატონი ალენ ბერსე“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დიალოგი მნიშვნელოვანია, თუმცა ოპოზიცია სინამდვილეში მეორად ძალას წარმოადგენს.

„ჩვენი ოპოზიცია, ეს ოთხი რადიკალური პარტია სინამდვილეში მეორადი ძალებია. მათ ჰყავთ საკუთარი პატრონი და ჩვენ გვირჩევნია, მათ პატრონებთან გავმართოთ დიალოგი, რასაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ აუცილებლად გვექნება ამ ოთხი პოლიტიკური პარტიის უფროსებთან დიალოგი მომდევნო კვირების განმავლობაში. ჩვენ საუბარი გვქონდა მათ შორის „დიფ სთეითზე“ და ასეთ რაღაცებზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ თვის ბოლოდან ვითარება შეიცვლება. ეს მარტივი არ იქნება. რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპისთვისაც არ იქნება ადვილი „დიფ სთეითის“ დამარცხება. თუ ის შეძლებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას, შეიძლება, დიალოგი აღარც გახდეს საჭირო და მარტივად აღდგება სამართლიანობა. შევხედოთ, როგორ განვითარდება პროცესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა დაპირება, რომ დაამარცხებს „დიფ სთეითს“ და გაათავისუფლებს აშშ-ს არაფორმალური გავლენებისგან.

„პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა დაპირება, რომ ის დაამარცხებს „დიფ სთეითს“ და გაათავისუფლებს ამერიკის შეერთებულ შტატებს არაფორმალური გავლენებისგან. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ დონალდ ტრამპი ამას შეძლებს და ეს ყველაფერი საქართველოს მაგალითზეც გამოჩნდება. გამოჩნდება საქართველოს მაგალითზეც ის, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტი ტრამპი „დიფ სთეითის“ დამარცხებას, არაფორმალური გავლენების დამარცხებას. პრეზიდენტ ტრამპს მინდა, ვუსურვო წარმატებები ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით,  ლიბერალური ფაშიზმი დგას სიცრუესა და სიძულვილზე, ესტონეთშიც მსგავსი ხელწერით მოქმედებენ შესაბამისი ძალები, რაც სამწუხაროა. 

პრემიერის თქმით, საქართველო რჩება ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში