შევხვდი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანსა და მის დელეგაციას, რომლებიც ცოტა გაუგებრობაში არიან, კარგად არ ესმით აქაური სიტუაცია, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
„შევხვდი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და მის დელეგაცია, რომლებიც ცოტა გაუგებრობაში არიან, კარგად არ ესმით აქაური სიტუაცია. მე ავუხსენი, რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში მოსვლა, როცა შენ წარმოადგენ ყველაზე ძველ ევროპულ ორგანიზაციას და იმ ორგანიზაციას, რომელიც არის უშუალოდ პასუხისმგებელი მხოლოდ ერთ რამეზე, დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, დაიცვას ადამიანის უფლებები და დაიცვას ადამიანების თავისუფლება. ამ ორგანიზაციას აქვს ერთი პასუხისმგებლობა და მოვალეობა, რომ ხმა ამოიღოს, როცა, რომელიმე მის წევრ ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება საქართველოში, ძალადობა ხალხის მიმართ, მისი ყველა უფლებების შეზღუდვა. ამის გაპროტესტება და ამისი დაგმობა არის ალბათ პირველი მოვალეობა ასეთი ორგანიზაციის.
სამაგიეროდ, მე ეს ძალიან ნათლად ავუხსენი გენერალურ მდივანსა და მის დელეგაციას, მათი მანდატი, არც მოვალეობა და არც უფლება არ არის რაღაც კომისია დანიშნონ არავისგან არაღიარებულ ხელისუფლებასთან, მით უმეტეს, რათა განიხილონ რუსული კანონი. რა რუსული კანონი, ვის რა აინტერესებს რუსული კანონის შეცვლა თუ არ შეცვლაა. ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ იტყუება ეს ხელისუფლება წლების განმავლობაში – ხან მიმაქვს უკან, ხან მომაქვს წინ და ისევ უკან მიმაქვს. მერე ახლა რაღაცას ფორმალურად შევცვლი და ამით ჰგონიათ, რომ ვიღაცას მოხიბლავენ, შეიძლება, მოხიბლონ კიდეც. თუმცა ამით ვერ მოხიბლავენ ვერც ქართველ ხალხს, ვერც ჩვენს პარტნიორებს, რომელთაც კარგად ესმით დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა. შეიძლება, ვიღაცას ნაკლებად ესმის და აქ ჩამოსვლის მერე უფრო გაერკვევა იმ ტყუილებში, რომლებიც დღეს ახასიათებს ხელისუფლებას.
ტყუილებში და პროვოკაციებში, ვინაიდან პროვოკაციურია ის რაც დღეს მოვისმინეთ, რომ გუშინდელი ამერიკის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ დაასანქციროს ის მაღალჩინოსნები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები ძალადობაზე, ამის პასუხია ის, რომ დე ფაქტო პრემიერი, დე ფატქო პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ იმავე პერსონებს დააჯილდოებს ღირსების ორდენით. ეს არის პროვოკაცია, პროვოკაციური განცხადება. ეს არის შეურაცხყოფა გენერალური მდივნის, როცა ის შეიყვანეს ვითომც კონსტრუქციულ დიალოგში და მეორე წუთში აკეთებენ ასეთ პროვოკაციულ განცხადებას. ყველაფერი ნათელია, ჩვენი გზაც, არაფერი არ უნდა შეგვეშალოს და არ უნდა შეგევშინდეს. ჩვენი პარტნიორები არიან იქ სადაც უნდა იყვნენ და ჩვენ ამას მომდევნო დღეებში ვნახავთ კიდევ უფრო ნათლად “, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.