რადიკალური ოპოზიცია ჯერ თავს დაესხა პირდაპირ ეუთოს და ეუთოს ხელმძღვანელობას, ახლა უკვე გადავიდნენ ევროსაბჭოს ხელმძღვანელობის მიმართ თავდასხმაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ხედავენ, რომ ობიექტურად ხდება მოვლენების შეფასება, იწყება თავდასხმა ასეთ ადამიანებზე.
„როდესაც ხედავენ, რომ არიან გარკვეული ობიექტური სუბიექტები, რომლებიც ობიექტურად აფასებენ მოვლენებს ქვეყანაში, მაშინვე რადიკალური ოპოზიცია არჩევს ხოლმე თავდასხმას ასეთ ადამიანებზე. ამის გაგრძელებაა ეს ყველაფერი. სინამდვილეში ხდება ის, რომ სადაც ნაკლებია „დიფ სთეითის“ გავლენა, იქ არის მეტი ობიექტურობა, ეს ვიხილეთ სწორედ ეუთოს და ევროსაბჭოს შემთხვევაში. ერთადერთი, ვისაც აღიარებს რადიკალური ოპოზიცია, არის სწორედ „დიფ სთეითი“, ანუ ისინი არიან მათი პატრონები, ეს არის რეალურად ის, რაც დგას ამ ყველაფრის უკან“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას აბსოლუტურად ყველა მცდელობა ჩაუვარდა, მათ შორის ბიზნესზე ზეწოლის მცდელობაც, ბიზნესის თავისუფლებას ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება.
„რადიკალურ ოპოზიციას აბსოლუტურად ყველა მცდელობა ჩაუვარდა, მათ შორის ჩაუვარდა ბიზნესზე ზეწოლის მცდელობაც. რაღაც პატარა შედეგს მიაღწიეს, თუმცა ვერავითარი არსებითი შედეგი ვერ მიიღეს. ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე იქნება ერთადერთი, ბიზნესის თავისუფლებას ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება, მათ შორის ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება იმ ბიზნესსუბიექტების თავისუფლებასაც, რომლებიც ასეთ აქტებს შეუერთდნენ, ჩვენი დამოკიდებულება არის ცალსახა. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, რა ხელწერაც ჰქონდათ მმართველობის პირობებში 2012 წლამდე, ზუსტად იგივე ხელწერით მოქმედებენ დღესაც ბიზნესში შეჭრა, ბიზნესის თავისუფლების ხელყოფა, ბიზნესზე ზეწოლა, ეს იყო მათი ხელწერა 2012 წლამდე და აქაც იკითხება, ზუსტად იგივე ხელწერა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, რადიკალური ოპოზიცია აღარ ექვემდებარება გაცოცხლებას, იმდენად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს ისევ მათმა პატრონებმა ეს ადამიანები.
პრემიერის თქმით, რადიკალური ოპოზიცია თავიდან ბოლომდე გარედან არის მართული და დამოუკიდებლობის ნულოვანი რესურსი აქვს.