ეუთო/ოდირის ანგარიში იმას მოწმობს, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების არანაირი საფუძველი არ არსებობს - მაკა ბოჭორიშვილი

21 დეკემბერი 2024, 10:34 115 ნახვა

გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელსაც ამდენი კვირაა, თუ უკვე თვეა, ელოდა ქართული საზოგადოება და, რომელიც სრულყოფილად აფასებს წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

„ძირითადად, ის ემთხვევა იმ დებულებებს, რაც უკვე გაჟღერებული იყო ეუთო/ოდირის მიერ წინასწარ, როდესაც შეფასდა არჩევნების შემდგომ თავად არჩევნები და მოვისმინეთ, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ამ დასკვნაში არის უფრო ფართოდ მოცემული ის რეკომენდაციები, რაც ხელისუფლებას მიეცა იმისათვის, რომ ვიმუშაოთ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც დაფიქსირდა არჩევნების პერიოდში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, სიურპრიზი არ არის, რომ დასკვნაში ასახულია ის პოზიციები, რაც ფიქსირდებოდა თავად ოპოზიციის მხრიდან.

„ბუნებრივია, ამ დასკვნებში აისახება ყველა პოზიცია, რაც ფიქსირდება არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დღეს, თუ არჩევნების შემდგომ და რა თქმა უნდა, ჩვენთვის არც სიურპრიზია და არც გასაკვირი, რომ მასში ასახულია ის პოზიციები, რაც ფიქსირდებოდა ოპოზიციის მხრიდან. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, როგორი იყო წინასაარჩევნო პერიოდი, თავად არჩევნების დღე და არჩევნების შემდგომი პერიოდი. ოპოზიციისთვის არასდროს ყოფილა მიზანი ამ არჩევნებში კეთილსინდისიერად მონაწილეობა და არჩევნების შედეგების აღიარება. მთელი მათი ქმედებები მიმართული იყო სწორედ იქითკენ, რომ არჩევნების დისკრედიტაცია მოეხდინათ, ამ პროცესის დისკრედიტაცია მომხდარიყო და არჩევნების შემდგომ დაესვათ კითხვის ნიშნები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, თუმცა ეს ანგარიშიც მოწმობს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს, ასეთი კითხვის ნიშნები არსებობდეს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც მასიურად, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავისუფლად გამოეხატათ ნება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არჩევნების ლეგიტიმაციას პირველ რიგში, ახდენენ მოქალაქეები, როდესაც ისინი მიდიან არჩევნებზე და საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავენ.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ 2 200 000-მდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ეს არის უკვე ლეგიტიმაცია იმის, რომ არჩევნები ჩატარდა. როდესაც ასეთი რაოდენობის მოქალაქე მიდის არჩევნებზე და ხმას აძლევს, რა თქმა უნდა, ეს არის შეუძლებელი, რომ ამ ადამიანების პოლიტიკური ნება, რაც გამოიხატა, უგულებელყოს, ან უარყოს ვინმემ. ცხადია, შედეგებიც ვნახეთ. კითხვის ნიშნები ამ შედეგებთან დაკავშირებით, ვგულისხმობ ხმების დათვლასთან დაკავშირებით სწორად იყო თუ არა წარმოჩენილი ის რაოდენობა, ხომ ყველაფერზე სვამენ კითხვის ნიშანს, თუმცა არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ კითხვის ნიშანი დავსვათ. ფარულობა მოიგონეს საკმაოდ გვიან. იმ დღეს არავის არ უთქვამს, რომ ეს შეიძლებოდა, პრობლემა ყოფილიყო, არავის გამოუხატავს წუხილი, რომ ეს შეიძლებოდა, პრობლემური ყოფილიყო, ან რაღაცნაირად, დარღვეული ყოფილიყო ხმის ფარულობა. ჩვენ ვიცით, როგორც იყო, არჩევნების დღეს ელექტრონულად როგორ ხდებოდა ბიულეტენის მოთავსება მანქანაში და როგორ ხდებოდა ხმის დათვლა. შემდგომ უკვე, ეს ხელოვნურად შექმნილი ხმაური ფარულობასთან დაკავშირებით მიმართული იყო იქითკენ, რომ კიდევ ერთხელ მომხდარიყო დისკრედიტაცია სწორედ საარჩევნო პროცესის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ზოგადად, არ არსებობს ეუთო/ოდირის ასი პროცენტით პოზიტიური დასკვნები.

„შეგიძლიათ, ნახოთ ნებისმიერ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების დასკვნა, სადაც ეუთო/ოდირი აკვირდება არჩევნებს. ნახავთ, რომ ყველგან არის რეკომენდაციები და ყველგან არის გარკვეული გამოწვევები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში