მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტარებს, მინისტრებს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელებს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს, სხვადასხვა კონფესიის წინამძღოლებს, გენერლებს, სამხედროებს, პოლიციელებს. მივესალმები მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მივესალმები სრულიად საქართველოს, მათ შორის, განსაკუთრებული სიყვარულითა და მონატრებით მივესალმები ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს. მივესალმები ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს. პირველ რიგში, მინდა მადლობით დავიწყო იმ ნდობისთვის, რომელიც მმართველმა გუნდმა ჩემი კანდიდატურის წარდგენის, ხოლო საარჩევნო ხმის მქონე დელეგატებმა – საქართველოს პრეზიდენტად არჩევით გამომიცხადეს. საქართველომ საუკუნეების განმავლობაში მრავალი ქარტეხილი გამოიარა, ჩვენმა ჭირ-ვარამ გამოვლილმა ხალხმა კი საკუთარი სამშობლოსა და ღირსების დასაცავად, ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლო – მსოფლიოს უდიდეს იმპერიებთან, ბევრად მრავალრიცხოვან მტერთან ათასწლეულების მანძილზე შეუპოვრად იბრძოლა, გადარჩა და შემოგვინახა ის ღირებულებები და ფასეულობები, რომელსაც ჩვენი ერი დაეფუძნა. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული ერი ვართ, რომლის ჩამოყალიბებაც უძველეს დროში დაიწყო – ჩვენმა ხალხმა შექმნა ქვეყანა და რაც მთავარია – მარადიული იდეა, რომელსაც სამშობლო ჰქვია. სწორედ ამ იდეას უფრთხილდება და იცავს მუდმივად ქართველი ერი. ჩვენ შევქმენით უნიკალური კულტურა, რომელიც აგერ უკვე საუკუნეებია, დროსა და სივრცეში უხილავი ძაფებით – საერთო ტრადიციებითა და ღირებულებებით გვაკავშირებს ქართველებს.
მშვიდობისთვის მუდმივმა ბრძოლამ და მტრების მოგერიებაში გატარებულმა ასწლეულებმა ჩვენს ხალხს ხასიათი გამოუწრთო და ერთობის სასიცოცხლო მნიშვნელობაში დაარწმუნა; ერთობის, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულზეა დაფუძნებული; სადაც ძლიერი ოჯახი ძლიერ საქართველოს ნიშნავს, ხოლო ძლიერი საქართველო ძლიერი ოჯახის ტოლფასია. ქართული ოჯახი არის ადგილი, სადაც შვილები ბავშვობიდან სწავლობენ მშობლებისა და ბებია-ბაბუების პატივისცემას, თავისუფლების სიყვარულს, უსამართლობასთან ბრძოლას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და ეზიარებიან ჩვენი წინაპრების მიერ შემონახულ ტრადიციებს, რომელიც აერთიანებს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის ბუნება, ისტორია და კულტურა კარგად ჩანს ჩვენს ენაში, რომელიც მსოფლიოს უძველეს ენათა შორის იკავებს საპატიო ადგილს. არაერთი ქართული სიტყვა, ფრაზა თუ გამონათქვამი ანარეკლია ჩვენი წარსულის, რომელიც სავსეა ქართველი ხალხის თავდადებისა თუ შეუპოვრობის ისტორიებით. ქართულ ენაზე შექმნილია მსოფლიო დონის არაერთი შედევრი, რომელიც დღესაც აღაფრთოვანებს მკითხველს. ქართული ენა ყველაზე კარგად აჩვენებს ქართველი ადამიანის ხასიათს და იმ ემოციებს, რომელიც მხოლოდ ჩვენთვისაა დამახასიათებელი. ჩვენი ერის საბოლოოდ ჩამოყალიბებასა და შეკავშირებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა ქრისტიანულმა მრწამსმა. მართლმადიდებლობა და ქართველობა დროთა განმავლობაში ერთმანეთისგან განუყოფელ, ერთ მთლიან ცნებად იქცა! ყოველთვის, როდესაც სამშობლოს იცავდა, ქართველმა კაცმა იცოდა, რომ ის იცავდა საკუთარ ოჯახსა და სარწმუნოებას. მართლმადიდებლობამ, ქართველი კაცის ჰუმანური ბუნების ჩამოყალიბებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი! სწორედ ქრისტიანული რელიგია გახდა ის გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც ქართველი ერის ევროპული და ცივილიზაციური არჩევანი საბოლოოდ განაპირობა.
სწორედ აღნიშნულ სამ საუნჯეს უნდა მოვუფრთხილდეთ განსაკუთრებით, ისე როგორც ეს დიდმა ილიამ დაგვიბარა – თუ მამულს, ენასა და სარწმუნოებას არ ვუპატრონეთ, ვერც კაცები ვიქნებით და ვერც მომავალ თაობას გავცემთ პასუხს. რომ არა ამ ღირებულებების ერთგულება, რომ არა საკუთარი თავის რწმენა და ერთმანეთის სიყვარული, ქართველი ერი ვერ შეძლებდა ამდენი განსაცდელის გამოვლას და გადარჩენას. ჩვენი ისტორია მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ სამშობლოსა და ტრადიციების დასაცავად გადატანილი უამრავი ბრძოლის კვალდაკვალ, ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ღირებულება იყო მშვიდობა, როდესაც ჩვენს ერს სიმშვიდეში – შრომის, საკუთარი კულტურის გამდიდრების, გენიალური ხელოვნების ნიმუშებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების შექმნის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა. მოგეხსენებათ, ქართული სუფრა არამხოლოდ ჩვენი ტრადიციებისა და დამოკიდებულებების გამოვლინებაა, არამედ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ყველაზე უკეთ გვიჩვენებს ჩვენი – ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ. ნებისმიერი ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება. ამით ქართველი კაცი ღმერთს ადიდებს, მადლიერებას გამოხატავს და პირველ რიგში მშვიდობას შესთხოვს. ეს აიხსნება სწორედ ჩვენი წარსულით, იმით, რომ ომებისგან დაქანცულ ქართველებს მშვიდობა სანატრელად გვაქვს ქცეული.
ქართველ ხალხს ყოველთვის კარგად ჰქონდა გათავისებული, რომ მშვიდობა გადარჩენისა და განვითარების მთავარი საწინდარია! კეთილდღეობის მიღწევა, უწყვეტი განვითარება, უსაფრთხო და ნათელი მომავლის უზრუნველყოფა, ბედნიერებისკენ სწრაფვა მხოლოდ იმ პირობებშია შესაძლებელი, თუკი არსებულ გამოწვევებს სიფრთხილით მოვეკიდებით, გავაანალიზებთ ჩვენს წინაშე არსებულ საფრთხეებს და გადაწყვეტილებებს არა ემოციებზე დაყრდნობით, არამედ გააზრების შედეგად მივიღებთ. ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენ, ქართველი ხალხი განსაკუთრებული ემოციურობით გამოვირჩევით, რითაც ჩვენი არაკეთილმოსურნეები ხშირად სარგებლობენ. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს! წარსულში დაშვებული შეცდომების გაანალიზება უნდა იყოს თითოეული ჩვენი მომავალი გადაწყვეტილების საწინდარი. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩვენ ქვეყანას არაერთ გამოწვევასთან მოუწია გამკლავება. მათ შორის ისეთ საფრთხეებთან, რომელიც გამანადგურებელი შედეგის მომტანი შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ეს მოვახერხეთ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ერთად დგომით. გადამწყვეტი როლი შეასრულა თავისუფლების მოყვარე ქართველი ადამიანის ხასიათმა, რომელიც არ ეგუება – ჩაგვრას, უსამართლობას, უპატივისმცემლობასა და ამპარტავნულ დამოკიდებულებას; რომელიც მოითხოვს პატივი სცენ ჩვენს ტრადიციებს, ღირებულებებს, ეროვნულ იდენტობას, ოჯახის სიწმინდეს, სარწმუნოებას და თანასწორად მოეპყრან ჩვენს სამშობლოს. სწორედ ასეთი – მტკიცე, შეუპოვარი ხასიათის დამსახურებით მოახერხა ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ ამ უთანასწორო ბრძოლაში მშვიდობის შენარჩუნება, უსამართლობასთან და სიცრუესთან გამკლავება. თანაც ისე, რომ ვაგრძლებთ ეკონომიკურ წინსვლას, განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და ევროპული ოჯახისკენ სვლას.
ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ჰარმონიულად თანაცხოვრობდა განსხვავებული ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მქონე ხალხთან. ჩვენ ყოველთვის გამოვირჩეოდით – ჰუმანური ბუნებით, განსხვავებულობის პატივისცემით, მაღალი ტოლერანტობით და რაც მთავარია, ყოველთვის ვიცოდით განსაკუთრებული მეგობრობა და ერთგულება, მოყვასის სიყვარული და პატივისცემა. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანები ძალიან მალე თვლიდნენ საქართველოს საკუთარ სამშობლოდ და საჭიროების შემთხვევაში, ქართველების მხარდამხარ იბრძოდნენ მის დასაცავად. ისტორიას უხვად აქვს შემორჩენილი მსგავსი გმირობის არაერთი ფაქტი. მიხარია, რომ დღესაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჩვენი მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართული ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. მინდა მადლიერება და განსაკუთრებული სიყვარული გამოვხატო მათ მიმართ. ჩვენი ვალია, თითოეულმა მათგანმა საქართველოს სრულყოფილ მოქალაქედ იგრძნოს თავი. თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებით გვტკივა ის ჭრილობა რომელიც მავანთა მიერ თავსმოხვეულმა დაპირისპირებებმა მოგვაყენა და დაგვაშორა ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს, ვისთან ერთადაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში თანავცხოვრობდით, ერთად ვქმნიდით საქართველოს ისტორიას, მხარდამხარ ვიცავდით ჩვენს სამშობლოს გარეშე მტრისგან, ვწერდით გამორჩეული მეგობრობისა და სიყვარულის ისტორიებს. ვქმნიდით ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ოჯახებს. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, ჩვენ შევძლებთ ერთად მოვიშუშოთ ომის იარები და გავაგრძელოთ მრავალსაუკუნოვანი, ტრადიციებზე, ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებული თანაცხოვრება – ერთიან და ძლიერ საქართველოში.
დღეს ჩვენი ქვეყანა დგას გარედან თავს მოხვეული, საზოგადოების ხელოვნური პოლარიზაციის წინაშე. ჩემთვის საქართველოს თითოეული მოქალაქე ძვირფასია, მათი შეხედულებებისა თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. მე ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, ვის მოვწონვარ და ვის არა! ჩემი მომავალი ძალისხმევა მიმართული იქნება საზოგადოების კონსოლიდაციისა და გაერთიანებისკენ. მიუხედავად იმისა ვის რა შეხედულებები აქვს ამა თუ იმ საკითხზე – ჩვენ უნდა მოვახერხოთ გაერთიანება ჩვენი სამშობლოს, ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული წესების გარშემო. იმ მომავლის გარშემო, რომლის შენებაც ჩვენ ერთად უნდა განვაგრძოთ. ყველასათვის ნათელია, რომ ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ერი და ჩვენი გამორჩეული ღირებულება თავისუფლების სიყვარულია. სიტყვა თავისუფლება, უფლებასთან ერთად – ასევე მოიცავს პასუხისმგელობას და იმ ღირებულებების დაცვას, რომლისთვის ბრძოლამაც ეს თავისუფლება მოგვიტანა, ეს არის უკვდავი იდეისთვის ბრძოლა, რომელსაც საქართველო ჰქვია. სწორედ ეს იდეა მოიცავს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების პატივისცემას. ქართულ ენაში, თავისუფალი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს, რომ იყო საკუთარი თავის – უფალი, არ იყო დამოკიდებული არავიზე და არაფერზე; საკუთარი – სინდისის, ნამუსის, ადამიანობისა და შინაგანი ხმის გარდა. თავისუფლება უპირველეს ყოვლისა, სწორედ უფლის და ჭეშმარიტების ძიებას გულისხმობს საკუთარ თავში. ისევე, როგორც სიკეთისკენ და სიყვარულისკენ სწრაფვას, რაც ჩვენს საზოგადოებას დღეს ასე ძალიან სჭირდება.
თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას! ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს რომ, ჩვენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება. თავისუფლება ასევე გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას, კითხვების დასმას და დისკუსიას, რაც, ნებისმიერ შემთხვევაში, განსხვავებული პოზიციების დაახლოების უმთავრესი წინაპირობაა. სწორედ ჩვენ, საქართველოს თავისუფალმა მოქალაქეებმა, უპირველეს ყოვლისა, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობასა და იმ წესებს, რომელსაც ადგენს სახელმწიფო. სახელმწიფოებრიობის განცდა და შეგრძნება უპირველესია ძლიერი საზოგადოების და ქვეყნის შენების გზაზე. სწორედ სახელმწიფოებრიობა და ის ღირებულებები, რაზეც დგას ქართველი ერი, უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებელი. ზუსტად თავისუფლების, წესების და ეროვნული იდენტობის დაცვის ასეთ გაგებაში დაინახა ქართველმა ხალხმა შესაძლებლობა ევროპულ ოჯახში, რომელიც უნდა იყოს საშუალება ჩვენნაირი პატარა ერისთვის დავიცვათ ჩვენი კულტურა, ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, ენა, სარწმუნოება და სახელმწიფოებრიობა. თუკი, არსებობს ქართველი ადამიანი ვინც შეიძლება ამ ღირებულებებს და შეხედულებებს არ იზიარებდეს, ალბათ, საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა – ვის ან რას შეიძლება ემსახურებოდეს?! მე მჯერა ქართველი ადამიანის, მე მჯერა ჩვენი ერის სიძლიერის. მე მჯერა, ჩვენი ისტორიული გამოცდილებით, ღირებულებებით, ქართული ხასიათით ჩვენ შევძლებთ საკუთარ თავში ვიპოვოთ ძალა და გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოს გარშემო. მე მჯერა, რომ სიყვარული გაიმარჯვებს! გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და სიყვარულით სავსე საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.