სალომე ზურაბიშვილს, როდესაც ევალებოდა, მაშინ არ დაუცავს არც კონსტიტუცია და არც საქართველოს ინტერესები, შესაბამისად, ვერანაირი პოზიტიური მოლოდინი მის საქმიანობასთან დაკავშირებით, ვერ მექნება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც მას ევალებოდა, ყოფილიყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი, აირჩია ოპოზიციის ლიდერობა.
„სალომე ზურაბიშვილი დღეიდან არის ყოფილი პრეზიდენტი. მას აქვს სრული თავისუფლება, განახორციელოს ის საქმიანობა, რაც მას სურს. რაც შეეხება ოპოზიციისთვის პრეზიდენტობას, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც მას ევალებოდა, ყოფილიყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი, აირჩია ოპოზიციის ლიდერობა თავის დროზევე და ეს არჩევანი იყო მისი. ახლა ეს უკვე მათი ურთიერთობების საქმეა, თუ რა პოზიციებით იქნება სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის რიგებში ჩაწერილი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.