ჩვენ ვნახეთ, რა ისტერია მოჰყვა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფიციალურ სამდღიან ვიზიტს საქართველოში 2024 წლის დეკემბერში და ახლა უკვე ვხედავთ, რა ისტერიაა ადგილობრივ რადიკალებსა და მათ პატრონებს შორის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და მის მიერ დაქვემდებარებული დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძის თქმით, ოპოზიციისთვის მიუღებელია იმ არჩევნების აღიარება, სადაც დამარცხდნენ და რომელზეც ეუთო/ოდირმა თქვა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი.
„პია კაუმა გახლავთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ადამიანი, რომელიც ასევე იმყოფებოდა საქართველოში გასული წლის 26 ოქტომბერს და უშუალოდ აკვირდებოდა არჩევნების ჩატარების პროცესს. მისი დელეგაციის ჩამოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეუთო-ს მხრიდან გამოხატულ პოზიციას, რომ შედგეს საქართველოს ახლად არჩეულ ხელისუფლებასთან, პრეზიდენტთან, მთავრობის ხელმძღვანელთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრები, რითიც ეუთო ცალსახად გამოხატავს მზაობას, რომ ითანამშრომლოს საქართველოსთან. ეს ვიზიტი ხაზს უსვამს ეუთო-ს მხრიდან საქართველოს როლს, მის მნიშვნელობას და მისასალმებელია, რომ წელიწადი ასეთი მაღალი რანგის ვიზიტით იწყება. ვნახეთ, რა ისტერია მოჰყვა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფიციალურ სამდღიან ვიზიტს საქართველოში 2024 წლის დეკემბერში და ახლა უკვე ვხედავთ, რა ისტერიაა ადგილობრივ რადიკალებსა და მათ პატრონებს შორის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და მის მიერ დაქვემდებარებული დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. მათთვის მიუღებელია იმ არჩევნების აღიარება, სადაც ოპოზიცია პირწმინდად დამარცხდა, სადაც ეუთო/ოდირმა თქვა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, მაღალი სტანდარტით ჩატარებული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი, რადგან ორმხრივ კონტექსტში იქნება განხილული სამომავლო ურთიერთობა საქართველოსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას შორის“, – განაცხადა მიქანაძემ.
ლევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციით ვიზიტს გეგმავს.