გარკვეული ძალები ცდილობენ, ქვეყანაში სიყვარულის მაგივრად სიძულვილი დათესონ, ამას უნდა დავუპირისპიროთ სიყვარული - პრემიერი

07 იანვარი 2025, 09:59 146 ნახვა

პატრიარქის ეპისტოლეში პირველ რიგში ყურადღება გამახვილებული იყო რწმენის მნიშვნელობაზე, ღმერთის სიყვარულის მნიშვნელობასა და მოყვასის სიყვარულის მნიშვნელობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ თუ რაიმე აკლია დღეს საზოგადოებას, ეს არის ალბათ სიყვარული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სამების ტაძარში, საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გარკვეული ძალები ხელოვნურად ცდილობენ, ქვეყანაში სიყვარულის მაგივრად სიძულვილი დათესონ.

„ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ სიყვარული და არსებითად ამაზე იყო გამახვილებული ყურადღება პატრიარქის ეპისტოლეშიც. პატრიარქის ყველა ეპისტოლე, რა თქმა უნდა, ეძღვნება პირველ რიგში იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრობს ჩვენი ქვეყანა. ყოველთვის ასეა და ბუნებრივია, დღესაც ეს ასე იყო. ადამიანი, რომელიც არის დაშორებული ღმერთს და რომელიც არის დაშორებული რწმენას, ეს არის თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა და ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა. არის მათ შორის ძალიან მძიმე იდეოლოგია, რომელიც ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით და სწორედ ეს იდეოლოგია აშორებს ადამიანს ღმერთს და აშორებს რწმენას. რა თქმა უნდა, ამას ყველა უნდა დავუპირისპირდეთ და ამისთვის საჭიროა რწმენის დაცვა, ტრადიციული ფასეულობების დაცვა. თითოეული ჩვენგანი ამით უნდა ვიყოთ დაკავებული. ზოგადად, თანამედროვე სამყაროს აქვს სერიოზული გამოწვევები. ეს გამოწვევები დაკავშირებულია მათ შორის კონკრეტულ პოლიტიკურ იდეოლოგიურ მიმართულებებთან და ამასთან ყველას გვიწევს ბრძოლა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთურის შეფასებით, პია კაუმამ დაინახა ისიც, რომ ლიბერალური ფაშიზმი ქართული მოვლენა არ არის და მასშტაბურად კოორდინირებულია.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პია კაუმას მისი მონდომებისთვის, მისი სურვილისთვის, დაეხმაროს ქვეყანას და მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ ყოველთვის ასეთი იყო. ამას უკავშირდებოდა პია კაუმას მზაობა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა, ხედავთ, როგორი იყო კონკრეტული სუბიექტების დამოკიდებულება ამ განზრახვის მიმართ, რაც აბსოლუტურად გამაოგნებელია. ჩვენ თავის დროზე ქალბატონ პია კაუმასთან გვიწევდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ლიბერალური ფაშიზმი, მაგალითად, საქართველოში და რეალურად, თვითონ შეიგრძნო ყველაზე კარგად ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი. ვფიქრობ, ქალბატონმა კაუმამ დაინახა ისიც, რომ ეს არის კოორდინირებული საკმაოდ მასშტაბურად. ეს არ არის ქართული მოვლენა, ეს არის საერთაშორისოდ კოორდინირებული მოვლენა. ლიბერალური ფაშიზმი არის ის, რასაც ყველა უნდა ვებრძოლოთ და ეს მიმდინარეობა, ეს იდეოლოგია არის დასამარცხებელი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განმარტებით, თუ სადმე ერევა რუსეთი, როდესაც მეზობელ ქვეყნებზეა საუბარი, ის ერევა უკრაინაში და ყველას ურჩევნია, მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეალური პრობლემა, რომელიც დღეს ყველას წინაშე დგას, არის განადგურებული უკრაინა.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც არის რეალური პრობლემა. ტყუილებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. კომენტარს ვაკეთებ იმ პრობლემაზე, რომელიც დგას ყველას წინაშე – ეს არის განადგურებული უკრაინა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში