„ნაცმოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ გადადგა არცერთი ნაბიჯი, რომ საერთაშორისო დოკუმენტებში დაფიქსირებულიყო ტერმინები ოკუპაცია და ოკუპანტი, ეს ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ მოხდა - სოზარ სუბარი

11 იანვარი 2025, 13:51 99 ნახვა

არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ არათუ თავიდან არ აიცილა ომი, არამედ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ომში ჩართულიყო, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ სამშობლოს უღალატა. ამ ღალატს კი აუცილებლად უნდა მიეცეს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება.

„ხშირად გვეკითხებიან და სავსებით სამართლიანად – „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებიდან მეცამეტე წელი დაიწყო და აქამდე რატომ არ გამოიძიეთ აგვისტოს ომში სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულები? საქმე ის არის, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჩვენ ვიდრე საერთაშორისო სასამართლოებში გვქონდა დავა რუსეთის წინააღმდეგ, ამ საქმის გამოძიებას, შეიძლება, ხელი შეეშალა სასამართლოებში საქართველოს გამარჯვებისთვის. მთლიანობაში რამდენიმე ასეთი სასამართლო ჩატარდა.

 

არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ არათუ თავიდან არ აიცილა ომი, არამედ ყველაფერს აკეთებდა, რათა ჩვენი ქვეყანა ომში ჩართულიყო. ეს მტკიცებულებები ერთიანდება ერთიანი მუხლის ქვეშ – სამშობლოს ღალატი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაიდინა და, ბუნებრივია, ამას აუცილებლად უნდა მიეცეს როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი შეფასება. რაც შეეხებათ ქართველ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, რომლებიც იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად, იბრძოდნენ ოკუპაციის წინააღმდეგ და იცავდნენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ბუნებრივია, მათ არანაირი გამოძიება არ შეეხებათ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ გადადგა არცერთი ნაბიჯი, რომ საერთაშორისო დოკუმენტებში დაფიქსირებულიყო ტერმინები – ოკუპაცია და ოკუპანტი. ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში“, – აღნიშნა სუბარმა.

რაც შეეხება სამართლებრივ დავებს, რომლებიც საერთაშორისო სასამართლოებში წარიმართა, როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ასეთი რამდენიმე იყო.

„პირველი სასამართლო, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იჩივლა რუსეთის წინააღმდეგ, იყო გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, შტაბ-ბინით ჰააგაში. ამ პროცესზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ წარადგინა არცერთი მტკიცებულება, რომელიც რუსეთის აგრესიას და ოკუპაციას დაამტკიცებდა და ჩვენი სარჩელი იმდენად მოუმზადებელი იყო, რომ სასამართლომ არც კი მიიღო განხილვაში;

 

მეორე – ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ე.წ. ჰააგის სასამართლო) – საჩივარი არა სააკაშვილის ხელისუფლებამ, არამედ ქართულმა „ენჯეოებმა“ შეიტანეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობაზე, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია არც პროკურატურისთვის და არც სასამართლოსთვის, რომ გამოძიება გაეგრძელებინათ. ასეთ პირობებში, როცა ქართული მხარე გამოძიებას არ აწვდიდა საჭირო მტკიცებულებებს, ცხადია იყო, რომ საქმე წაგებისთვის იყო განწირული, რაც უდიდესი დარტყმა იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და ბევრად გაართულებდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას. საბედნიეროდ, ჰააგის სასამართლომ ძიების დასრულება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ვერ მოასწრო. 2012 წელს, როგორც კი ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, დავიწყეთ მჭიდრო თანამშრომლობა ჰააგასთან. სხვადასხვა უწყებამ, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის კოორდინაციით, შეკრიბა უამრავი მტკიცებულება და წარუდგინეს ჰააგაში განთავსებულ საერთაშორისო პროკურორებს. ეს მტკიცებულებები იმდენად წონიანი იყო, რომ რუსეთმა შეწყვიტა ჰააგასთან თანამშრომლობა და მეტიც, დენონსაცია მოახდინა რომის 1998 წლის წესდების, რომლის საფუძველზეც ჰააგის სსს სასამართლო მოქმედებს. ამ ფონზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, დახმარების ნაცვლად, პირიქით, ჩვენ დაგვაბრალა, თითქოს ჩვენი მიზანი ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრების დასჯა იყო და კატეგორიულად მოითხოვდნენ, შეგვეწყვიტა ჰააგასთან თანამშრომლობა, ხოლო პროკურორი ფატი ბენსუდა, რომელიც ამ საქმეს იძიებდა, რუსეთის აგენტად გამოაცხადეს. მიუხედავად ასეთი ცილისწამებისა და ხელის შეშლისა, ჩვენ მოვიგეთ ჰააგის სასამართლო, რომელმაც ცნო რუსეთი აგრესორად და ოკუპანტად და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსნის მიმართ დევნა გამოაცხადა. თუმცა, საინტერესოა, რატომ ეწინააღმდეგებოდნენ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობას? საქმე ის გახლავთ, რომ სისხლის სამართლის გამოძიება ორლესული მახვილია, რომელმაც ორივე მხარის დანაშაული შეიძლება გამოავლინოს. როგორც ჩანს, სააკაშვილს და მის მაღალჩინოსნებს ჰქონდათ საფუძველი, რომ ამ მახვილის შინებოდათ;

 

რაც შეეხება მესამე – ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (ე.წ. სტრასბურგის სასამართლო) – იქ, ერთი მხრივ, საქართველომ შეიტანა სახელმწიფოთაშორისი სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ასეულობით სარჩელი შეატანინა როგორც რუსეთის მოქალაქეებს, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. სხვათა შორის, საქართველოს წინააღმდეგ სარჩელების მომზადებასა და სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველი „ენჯეოშნიკები“, კერძოდ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ქალბატონი ანა დოლიძე.

 

სტრასბურგის სასამართლოში საქმის მოგება არ იყო ადვილი, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი მმართველობის პერიოდში გააქრო რუსეთის აგრესიის დამადასტურებელი უამრავი სერიოზული მტკიცებულება. ერთ-ერთი ასეთი ნივთმტკიცება – რუსული კასეტური რაკეტის, „ისკანდერის“ რამდენიმეტონიანი ნაწილი, რომლითაც გორში მშვიდობიანი მოსახლეობა დაიბომბა, აშშ-ში იყო გატანილი, თანაც ისე, რომ ეს დოკუმენტურად არ იყო დაფიქსირებული. ძალიან დიდი შრომა დასჭირდა ამ ნივთმტკიცების ჯერ მოძიებას და შემდეგ სტრასბურგში ჩატანას, თუმცა, საბოლოოდ, ხელისუფლების დიდი ძალისხმევით, ეს მოხერხდა. ეს ერთი მაგალითია, თუმცა ასეთი არაერთი მტკიცებულების წარდგენის შემდეგ დავა საქართველოს გამარჯვებით დამთავრდა. ამის შემდეგ უკვე გადაწყვეტილი იყო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების ბედი და ისინი ერთი მეორის მიყოლებით მთავრდება საქართველოს გამარჯვებით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში