ერთი რამ უტყუარად დადასტურდა, რომ ამ საქმეში აშშ-ის მართლმსაჯულება როგორც ბრალდების, ისე განაჩენის ნაწილში, სრულად პოლიტიკურად მოტივირებული იყო - შალვა პაპუაშვილი ტრამპის სასამართლოს საქმეზე

11 იანვარი 2025, 16:26 88 ნახვა

დონალდ ტრამპის საქმეს საიდანაც არ უნდა შეხედო, ერთი რამ უტყუარად დადასტურდა, ამ საქმეში აშშ-ის მართლმსაჯულება, როგორც ბრალდების, ისე განაჩენის ნაწილში სრულად პოლიტიკურად მოტივირებული იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, გვარამიას საქმეში, რა დროსაც ამერიკის ელჩმა მოსამართლეს ახსნა-განმარტება მოსთხოვა, ამერიკულისგან განსხვავებით, ქართული მართლმსაჯულება მიკერძოების გარეშე მოქმედებდა, რაც სტრასბურგმა დაადასტურა.

„აშშ-ში, ქალაქ ნიუ იორკის მოსამართლემ არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიუსაჯა უპირობო გამოშვება, რაც იშვიათი განაჩენია და ნიშნავს, რომ ტრამპს ინაუგურაციამდე 10 დღით ადრე უდასტურდება გაყალბების 34 შემთხვევის ბრალდება, თუმცა არანაირი სასჯელი არ უწესდება. ამ საქმეს საიდანაც არ უნდა შეხედო, ერთი რამ უტყუარად დადასტურდა, რომ ამ საქმეში აშშ-ის მართლმსაჯულება, როგორც ბრალდების, ისე განაჩენის ნაწილში სრულად პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

 

ამ დროს რთულია, არ გაგახსენდეს, როგორ მოსთხოვა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ქართველ მოსამართლეს ჯერ ახსნა-განმარტება, შემდეგ კი ის საელჩოს პროგრამებიდან დაბლოკა ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი, ელჩისთვის არმოსაწონი განაჩენის გამო. შეხსენებისთვის, ეს ის განაჩენია, რომელიც გვარამიამ სტრასბურგში გაასაჩივრა და სტრასბურგმა განსახილველადაც კი არ მიიღო, იმდენად აშკარა იყო (ამ შემთხვევაში, ამერიკულისგან განსხვავებით), რომ ქართული მართლმსაჯულება მიკერძოების გარეშე მოქმედებდა.

 

რატომ სჭირდებოდათ ზოგიერთებს გვარამიას დახსნა სამართლიანი სასჯელისგან, მგონი კარგად გამოჩნდა, რუსთაველის გამზირზე, მაშხალებით და მოლოტოვის კოქტეილებით დადგმული ომის იმიტაციაში და მის ოფისებში აღმოჩენილი ასაფეთქებლების მარაგებით, რომლითაც ასე იწონებდა თავს ელენე ხოშტარია“, – წერს პაპუაშვილი.

ბიზნესდოკუმენტების გაყალბების საქმეზე დონალდ ტრამპი მოსამართლემ სასჯელისგან უპირობოდ გაათავისუფლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში