რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის მიერ დადასტურებული კრიმინალებით არის სავსე, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც მათ არ აქვს არავითარი შანსი, მიაღწიონ წარმატებას ქართულ პოლიტიკაში - პრემიერი

24 იანვარი 2025, 12:52 141 ნახვა

რადიკალური ოპოზიცია კრიმინალების თავშესაფრად არის გადაქცეული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციონერობა არის ხოლმე თავშესაფარი საქართველოში ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ გარკვეული პრობლემები.

„ამის არაერთი მაგალითი ვიხილეთ ჩვენ, ზოგადად კრიმინალების თავშესაფრად არის გადაქცეული რადიკალური ოპოზიცია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენ ხედავთ, რომ სასამართლოს მიერ აღიარებული კრიმინალებით არის სავსე რადიკალური ოპოზიცია. სტრასბურგის მიერ დადასტურებული კრიმინალებით არის სავსე რადიკალური ოპოზიცია, ეს არის ერთგვარი ტენდენცია. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, მიაღწიოს წარმატებას ქართულ პოლიტიკაში, საზოგადოება ხედავს ყველაფერს“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ყველა მიმართულებით ოპოზიცია და მათი პატრონები ცდილობენ, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები.

„ყველა მიმართულებით ოპოზიცია და მათი პატრონები ცდილობენ, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს არის მორიგი ანტი-ქართული ინიციატივა, ნაბიჯი, რადიკალური ოპოზიციის, მათი ბატონების მხრიდან. ასეთი ინიციატივებით ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეარყევენ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს, თუმცა, თავისთავად, ეს მეტყველებს ოპოზიციის ბუნებასა და მათი პატრონების ინტერესებზე. მათი ინტერესები სამწუხაროდ ძირეულად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, იქ მუშაობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის საინტერესო, მაგრამ იმისდა მიხედვით ვიმოქმედებთ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.

 

მე მინდა, შეგახსენოთ, წლების განმავლობაში, მათ შორის, როდესაც მე ვიყავი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, ჩვენ ვაყენებდით ხოლმე რუსული დელეგაციის უფლებამოსილების არცნობის საკითხს სხვა ქვეყნებთან ერთად და მაშინ საპარლამენტო ასამბლეა არ იზიარებდა ხოლმე ჩვენს პოზიციას. დღეს აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელია, როდესაც პრორუსულობის საბაბით რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები ცდილობენ, ქართულ დელეგაციას შეუჩერონ მანდატი. ასეთი ინიციატივები არის აბსოლუტურად ანტი-ქართული, თუმცა ამითაც ვერავითარ ზიანს ისინი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვერ მიაყენებენ“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, არჩევნები ჩატარდება საქართველოში 2028 წლის ოქტომბერში, მანამდე მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები და რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია აქაც სცადოს ბედი.

„თქვენ იცით, რაც არის ოპოზიციის მოთხოვნები, პირველ რიგში, ეს არის რიგგარეშე არჩევნები. მე ყველას მინდა შევახსენო, რომ არჩევნები ჩატარდება საქართველოში 2028 წლის ოქტომბერში. ყველას ვურჩევ, მოემზადოს 2028 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის. მანამდე, ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები, შეუძლიათ, იქაც სცადონ ბედი. ეს არის ჩემი რჩევა რადიკალური ოპოზიციის მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში