ომში ჩართვის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციის არაერთ მცდელობას ჩვენმა სახელმწიფომ სიმტკიცით უპასუხა, ჩვენ შეიძლება, ამ წლებს საქართველოს გადარჩენის პერიოდი ვუწოდოთ, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ქართველი ხალხის ნება, სახელმწიფოებრიობა და ეროვნული ღირებულებები არის საქართველოს არაკეთილმოსურნეების მთავარი სამიზნე, რადგან იციან, რომ ქვეყნის სიმტკიცე სწორედ ამაზე დგას.
"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ომში ჩართვის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციის არაერთ მცდელობას ჩვენმა სახელმწიფომ სიმტკიცით უპასუხა. ჩვენ შეიძლება, ამ წლებს საქართველოს გადარჩენის პერიოდი ვუწოდოთ, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ არ დასრულებულა. ხაზგასასმელია, რომ ქვეყნის გადარჩენაში მთავარი როლი სწორედ ქართველმა ხალხმა ითამაშა, ყველა კრიტიკულ მომენტში გვერდით გადადო ემოციები და განსაკუთრებული სიფრთხილით, სიბრძნითა და პატრიოტიზმით მიიღო გადაწყვეტილებები; გვერდში დაუდგა სახელმწიფოს და თავიდან აგვარიდა საქართველოს განადგურება. სწორედ ამიტომ, ქართველი ხალხის ნება, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეროვნული ღირებულებები არის საქართველოს არაკეთილმოსურნეების მთავარი სამიზნე, რადგან იციან, რომ ჩვენი ქვეყნის სიმტკიცე სწორედ ამაზე დგას. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება და საბოლოოდ გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს.
ამ პერიოდში, ქართველმა ხალხმა რეალურად იგრძნო, თუ რას ნიშნავს ქვეყანაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა, რამდენად მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქე იცავდეს და უფრთხილდებოდეს თავის წილ საქართველოს, ამაყობდეს საკუთარი ქვეყნით და იდგეს სამშობლოს სამსახურში. ამ პროცესების გააზრება გვარწმუნებს, რომ სამშობლოზე ზრუნვა და მოფრთხილება საჭიროებს მუდმივ, უწყვეტ პროცესს ქართული საზოგადოების მხრიდან, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. დარწმუნებული ვარ, წინ გველის უფრო დიდი აღმავლობის, გაძლიერებისა და გაერთიანების პერიოდი. იმისთვის, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ, კვლავ გვჭირდება სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ერთობა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა განადგურებას გადაარჩინა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საფრთხე კვლავაც მაღალი იქნება, ვიდრე არ დასრულდება ომი უკრაინაში და არ დასუსტდებიან ქვეყანაში არსებული უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ჯგუფები.
„ჩვენი ქვეყანა, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, არაერთხელ გახდა უსამართლო თავდასხმის სამიზნე. ჩვენს სახელმწიფოს მოუწია დანის პირზე სიარული, გაუძლო არაერთ ზეწოლას და იმოქმედა მტკიცედ, მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესების დაცვით, რამაც, საბოლოო ჯამში, მოგვცა შესაძლებლობა, შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და გადაგვერჩინა ქვეყანა უპირობო განადგურებისგან. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის განადგურების საფრთხე ჯერ არ გამქრალა, კვლავაც რჩებიან ანტიქართული ძალები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ საქართველოს დესტაბილიზაციისთვის. საფრთხე კვლავაც მაღალი იქნება, ვიდრე არ დასრულდება ომი უკრაინაში და კიდევ უფრო არ დასუსტდებიან საქართველოში არსებული უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ჯგუფები“,- განაცხადა ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კვლავ წარმატებით გრძელდება, საქართველო ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის და რომ არა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეს ყველაფერი არ იქნებოდა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნის გადარჩენის გასაღები ჭკვიანურ და ფრთხილ ქმედებებშია, უნდა მოვახერხოთ, სწორი მიდგომებით გავაძლიეროთ ქვეყნის სტრატეგიულ-გეოგრაფიული როლი.
„ისტორიული როლის დაბრუნებით შევძლებთ, გავაუმჯობესოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციები. ჩვენნაირი პატარა ქვეყნის გადარჩენისა და წარმატების გასაღები ჩვენს ჭკვიანურ და ფრთხილ ქმედებებშია, რაც თავისთავად წინდახედულობასა და მოხერხებულობას გულისხმობს. ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუ პოლიტიკა, ნაკარნახევი უნდა იყოს ერთი მხრივ, წარსული შეცდომების გაანალიზებით, ხოლო მეორე მხრივ ჩვენი ერის მეხსიერებასა და ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ეს საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავირიდოთ უნებლიე, სავალალო, შეცდომები,“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.