საქართველოში აშშ-ის საელჩო და USAID, ისევე როგორც NED-ი და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქრათველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას შეეხებოდა.
პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, შეიცვლება აშშ-ის საელჩოს მიდგომა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ და დასრულდება ის მახინჯი კოორდინაცია, რაც არსებობდა საელჩოს, USAID-ს, NED-ს და სხვა შესაბამის სუბიექტებს შორის.
„ცვლილებებზე როდესაც არის საუბარი, ეს ცვლილებები თანაბრად უნდა შეეხოს, როგორც USAID-ს, NED-ს, ისე საელჩოს საქმიანობას. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პირველ რიგში, შეიცვლება სწორედ აშშ-ის საელჩოს მიდგომა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ და დასრულდება ის მახინჯი კოორდინაცია, რაც არსებობდა საელჩოს, USAID-ს, NED-ს და სხვა შესაბამის სუბიექტებს შორის,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რომ „ენჯეოების“ უცხოური დაფინანსებით, ქვეყანაში სცადოს ხელისუფლების ცვლილება ხალხის ნების წინააღმდეგ.
„ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, განსაკუთრებით ბოლო ორი წელია, ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რაზეც ახლა უკვე ღიად ალაპარაკდა აშშ-ის ახალი ხელისუფლება – არის პირდაპირი აღიარება იმისა, რომ უცხოური დაფინანსება, კონკრეტულად ამერიკული დაფინანსება გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში რევოლუციების, არეულობის მოსაწყობად და უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები ასრულებდნენ ამაში გადამწყვეტ როლს. გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი დევს ხელის გულზე და მარტო საქართველოს ხელისუფლება არ საუბრობს ამ ძალიან სერიოზულ პრობლემაზე, ჩვენ შეგვიძლია, თავისუფლად განვავრცოთ ის კანონმდებლობა, რომელიც დაკავშირებულია NGO-ების გამჭვირვალობასთან. ასეთ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ საუკეთესო საშუალება არის ამერიკული „ფარას“ კანონის პირდაპირ კოპირება ჩვენი რეალობისთვის. დანარჩენი არის დისკუსიების საგანი. შედარებით რბილი კანონის მიხედვითაც, ძალიან ბევრი NGO, მათ შორის ყველაზე მდიდარი NGO-ები თავს იკავებდნენ რეგისტრაციისგან, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ მათ არ სურდათ საკუთარი რევოლუციური პროექტების წარმოჩენა ქართული საზოგადოების წინაშე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ამოცანა. ჩვენი ეროვნული ამოცანა არის სუვერენიტეტის დაცვა და არავის უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ NGO-ების უცხოური დაფინანსებით, ამ ქვეყანაში სცადოს ხელისუფლების ცვლილება ხალხის ნების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამას ემსახურება ამერიკული ფარას ანალოგიური კანონის მიღება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, USAID-ის დაფინანსებულმა „ენჯეომ“, ISFED-მა გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები 2020 წელს, რასაც მოჰყვა რევოლუციის პირველი მცდელობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.