„ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება, - მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროექტი ადასტურებს, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის მოქალაქეებზე ზრუნვა.
"დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი დღე, მე ვიტყოდი, ეს არის ერთგვარი ისტორიული დღე. დღეს იწყება ოცნების ქალაქისმშენებლობის მეორე ეტაპი.
ეს პროექტი არის ჩვენი სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევა, რომელიც ადასტურებს, რეალურად, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის მოქალაქეებზე ზრუნვა, ადამიანებზე ზრუნვა.
"ოცნების ქალაქი" არის უპრეცედენტო სოციალური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სათანადო ცხოვრების პირობების შექმნას ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც წლების განმავლობაში, მძიმე პირობებში უწევდათ და დღემდე უწევთ ცხოვრება.
როგორც მოგეხსენებათ, წარმატებით დასრულდა ამ პროექტის პირველი ეტაპი - აშენდა სამი 12 სართულიანი კორპუსი, სადაც, უკვე, 582 ჩვენი თანამოქალაქე დაბინავდა, 800-მდე ბავშვს მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ გაიზარდოს ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში.
დღეს ვიწყებთ, უკვე, ამ პროექტის მეორე ეტაპს, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური და ამბიციურია. ახალი გეგმის მიხედვით, 19 407 კვადრატულ-მეტრ ფართობზე აშენდება, 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც 1077 თანამოქალაქე მიიღებს ბინას. ახალი ბინები სრულად იქნება აღჭურვილი გაზმომარაგების, წყლის, წყალარინების და ყველა საჭირო მომსახურება იქნება უზრუნველყოფილი", - განაცხადა პრემიერმა.