დააწერინეს სამ ოპოზიციურ პარტიას განცხადებები პარლამენტის დატოვების თაობაზე, გაიყვანეს პარლამენტიდან და ახლა გვესაუბრებიან პარტიებთან დიალოგზე, არ ვიცი რა შეფასება უნდა გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდი არ აპირებს დაუშვას ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის შეფერხება და სიძულვილის გაღვივება.
„არ ვიცი რა დიალოგზეა საუბარი, როდესაც თვითონ დააწერინეს პარლამენტიდან გასვლის განცხადებები ამ ოპოზიციურ პარტიებს, ვგულისხმობ Deep State-ს და გაიყვანეს პარლამენტიდან. ამის შემდეგ რა დიალოგზეა საუბარი. თქვენ იცით, რომ დააწერინეს სამ ოპოზიციურ პარტიას განცხადებები პარლამენტის დატოვების თაობაზე, გაიყვანეს პარლამენტიდან და ახლა გვესაუბრებიან პარტიებთან დიალოგზე. არ ვიცი რა შეფასება უნდა გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება „ენჯეოების“, ამ „ენეჯეოების“ კონკრეტული ძალები, Deep State-ი, ეს ძალები იყენებენ რომ საქართველოში სცადონ ვითარების არევა. რევოლუციას რომ ვეღარ აწყობენ, ეს ყველამ კარგად დაინახა. აბსოლუტურად ყველა ხედავს ამ ყველაფერს, მაგრამ ერთადერთი მიზანი აქვთ, რომ იქნებ ცოტა ეკონომიკური ზრდა შეაფერხონ და ა.შ. რა თქმა უნდა, ამასაც ვერ დავუშვებთ. ამიტომ, როდესაც კონკრეტული ადამიანები არიან შეშფოთებული იმის გამო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ, დავუშვათ ამ ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის შეფერხება, სიძულვილის გაღვივება, ეს არის გამაოგნებელი. ამას როცა აკეთებენ ევროკავშირის ბიუროკრატიის უმაღლესი წარმომადგენლები, ეს არის კიდევ უფრო მეტად გამაოგნებელი. ყველას მოვუწოდებ, რომ გადახედონ საკუთარ დამოკიდებულებას, მათ შორის, პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე. ასეთი დამოკიდებულებით ევროკავშირი მიდის არასწორი მიმართულებით. ამ ყველაფრის შედეგია ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არის ევროკავშირში და ის ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც შექმნილია დღეს ევროკავშირში, ტენდენციები არის ძალიან უარყოფითი. ყველას მოვუწოდებ, იყვნენ სამართლიანები ჩვენი ქვეყნის, საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მიმართ და უფრო მეტად იზრუნონ ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაზე, აქ საუბარია, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ პრობლემებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.