აჭარის უმაღლეს საბჭოში 6 დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
იურიდიულმა კომისიამ, უმაღლესი საბჭოს წევრების ელგუჯა ბაგრატიონის, მიშა ბოლქვაძის, გენადი თებიძის, ედიშერ ჟღენტის, მირდატ ქამადაძის და ლია ჯაყელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა. ისინი „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“და „კოალიცია ცვლილებისთვის-გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ წარმომადგენლები არიან.
დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, სხდომაზე, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მამუკა თურმანიძემ წარადგინა.
მისივე განცხადებით, აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების წევრებმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს განცხადებებით მიმართეს.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, საკითხზე გაგრძელდება რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურები.