აჭარის უმაღლესი საბჭოს 6 ოპოზიციონერ წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა

12 თებერვალი 2025, 12:22 190 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე 6 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილეს. უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი 13 დეპუტატმა დაუჭირა.

სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ: ელგუჯა ბაგრატიონს, მიშა ბოლქვაძეს, ედიშერ ჟღენტს, ლია ყაჯელს, გენადი თებიძესა და მირდატ ქამადაძეს.

ისინი “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“და „კოალიცია ცვლილებისთვის-გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ წარმომადგენლები არიან.

ოპოზიციური პარტიის წევრებმა რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს მანდატებზე უარი თავად თქვეს და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს განცხადებით გასული წლის ბოლოს მიმართეს. ისინი 26 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ და აჭარის უმაღლეს საბჭოს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის განცხადებით, ამ დრომდე არ მიუმართავს პარტია “ გახარია საქართველოსთვის” წევრებს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მონაწილეობაზე ისინიც უარს აცხადებენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში