სალომე ზურაბიშვილი არის ქართული პოლიტიკის მძიმე წარსული, ასეთი ჩანაწერები, რასაც ვხედავთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ეს ხაზს უსვამს ევროპარლამენტში არსებულ ტრაგიკულ მდგომარეობას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციის კომენტირებისას დუბაიში.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ქვეყანას ჰყავს ძალიან ღირსეული პრეზიდენტი, თუმცა, კონკრეტული ძალები ამას ვერ ეგუებიან.
„ეს ხაზს უსვამს ტრაგიკულ მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი ევროპარლამენტში. 6 წლის ვადით იყო სალომე ზურაბიშვილი არჩეული. თქვენ გახსოვთ, როგორ მოხდა მისი არჩევა. მაშინაც, ქართულმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა არა სალომე ზურაბიშვილს, არამედ, „ქართულ ოცნებას“. 6 წელიწადზე მეტია გასული ამ არჩევნებიდან. მას შემდეგ ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. დღეს ქვეყანას ჰყავს ძალიან ღირსეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, თუმცა, კონკრეტული ძალები ამას ვერ ეგუებიან.
მათ კვლავაც სურთ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს უღირსი პრეზიდენტი, თუმცა, ეს არის უკვე ბნელი, მძიმე წარსული. სალომე ზურაბიშვილი არის ქართული პოლიტიკის მძიმე წარსული. რა თქმა უნდა, ასეთი ჩანაწერები, რასაც ვხედავთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ეს ხაზს უსვამს ევროპარლამენტში არსებულ ტრაგიკულ მდგომარეობას. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობას, რომელიც არის ბრიუსელის ბიუროკრატიაში დღევანდელ დღეს“, - განაცხადა პრემიერმა.