ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ საპირისპირო მიმართულებით ქვეყნის განვითარების წარმართვას, თუმცა მათ გეგმებს განხორციელება არ უწერია. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არის თავიდან ბოლომდე რთულ მდგომარეობაში, რბილად რომ აღვნიშნოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, პირველად, გასული 20 წლის განმავლობაში, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა შეუფერხებლად განვითარდეს ქვეყნის დემოკრატიული სისტემა.
„ჩვენ ეს დაპირება მივეცით ქართულ საზოგადოებას. ეს დაპირება შესრულდა დიდწილად და განვაგრძნობთ ამ დაპირების შესრულებას. რადიკალიზმის გარეშე ჩვენი დემოკრატიული სისტემა ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება და ბევრად ნაკლები შეფერხება ექნება ასეთ პირობებში ჩვენს ეკონომიკურ წინსვლასაც და ზოგადად განვითარებას ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.