იყო პირდაპირი მცდელობა, რომ საქართველოში მომხდარიყო ესკალაცია, საქართველო ჩაერთოთ სამხედრო კონფლიქტში - პრემიერი

25 თებერვალი 2025, 11:39 169 ნახვა

ყველას გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის სამი წლის წინანდელი განცხადება. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება და განცხადება, რომელიც მან გაახმოვანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, მაშინ იყო პირდაპირი მცდელობა, რომ საქართველოში მომხდარიყო ესკალაცია, ქვეყანა ჩაერთოთ სამხედრო კონლიქტში, რომელიც დაიწყო უკრაინაში.

„ჩვენმა გადაწყვეტილებებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ საქართველო არ აღმოჩნდა მეორე ფრონტი. მათ შორის პრინციპული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა სანქციების არდაწესებას. ეს ნიშნავდა, ერთი მხრივ, ესკალაციას, რაც უნდოდათ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს, მეორე მხრივ, ნიშნავდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს ჩვენ ვერ გადავდგამდით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მაშინ იქნა მიღებული პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც გაახმოვანა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამის შემდეგ ჩვენ შევძელით ჩვენი მტკიცე პოზიციის შენარჩუნება, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოში მშვიდობის განმტკიცებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის ელჩი არჩევნებში დამარცხდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კამპანიას ღიად აწარმოებდა, არც ერთხელ არ დაუგმია ის ძალადობრივი მიტინგები, რომლებიც საქართველოში იმართებოდა.

„ევროკავშირის ელჩი არჩევნებში დამარცხდა და მისი მდგომარეობა გამოწვეულია ამ ყველაფრით. გახსოვთ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ კამპანიას ღიად აწარმოებდა, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ. იცით, არც ერთხელ არ დაუგმია მას ის ძალადობრივი მიტინგები, რომლებიც საქართველოში იმართებოდა. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანიც, სამწუხაროდ, არის ძალადობის თანამონაწილე და აგრძელებს ძალადობის წახალისებას, თუმცა მისი ეს მცდელობა ამ შემთხვევაში აღარ არის წარმატებული. ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი იცის, ქართულმა საზოგადოებამ იცის, თუ რამდენად „მშვიდობიანი“ იყო მიტინგები, რომლებიც იმართებოდა საქართველოში ნოემბრის ბოლოს – დეკემბრის დასაწყისში, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, მთლიანობაში როგორი რეაგირება ჰქონდა ამ ყველაფერზე ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ მოვახერხეთ და აღვკვეთეთ ის ძალადობა, რომელსაც ჰქონდა შორს მიმავალი გეგმები, მთავარი მიზანი იყო ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, რაც, ბუნებრივია, ქართულმა სახელმწიფომ არ დაუშვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არავის არავითარი მტკიცებულება არ აქვს, სადმე თუ ირღვეოდა საარჩევნო პრინციპები, ეს ხორციელდებოდა უხეში საგარეო ჩარევით. მისივე თქმით, დანარჩენი ყველაფერი ცარიელი სპეკულაციებია. 



 

 
ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში