პარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

04 მარტი 2025, 19:25 95 ნახვა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

კანონპროექტის თანახმად, კანონის სათაურში და ტექსტში ტერმინი „გენდერული თანასწორობა“ იცვლება „ქალისა და მამაკაცის თანასწორობით“. გარდა ამისა, კანონიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომელშიც მოცემულია ტერმინ „გენდერის“ განმარტება.

მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში უცხოური გავლენით მიზანმიმართულად ხდებოდა ხელოვნური ტერმინის – „გენდერის“ დანერგვა. აღნიშნული წარმოადგენდა მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ერთგვარ ანარეკლს.

დავით მათიკაშვილის თქმით, კანონპროექტით უქმდება საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული თანასწორობის საბჭოსა და მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის ვალდებულება.

„საბჭო, რომელიც სახელწოდებაშივე ქმნიდა არასწორ წარმოდგენას საბჭოს საქმიანობის შესახებ, ბუნებრივია, მისი არსებობის საჭიროება დღეს აღარ არის. აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პარლამენტმა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებმა არ უნდა მოახდინონ ფოკუსირება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპის ურყევ დაცვაზე“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში