ლამის ნახევარი მსოფლიო ალაპარაკდა ჩვენი გზავნილებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მთავარია, სწორად დალაგდეს აღქმები, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში - ირაკლი კობახიძე

05 მარტი 2025, 18:46 167 ნახვა

ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, თქვენ ხედავთ, რომ ლამის ნახევარი მსოფლიო ალაპარაკდა ჩვენი გზავნილებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა უზბეკეთში ვიზიტით მყოფმა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, მთავარია, რომ საბოლოოდ სწორად დალაგდეს აღქმები, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში.

„მთავარია, რომ „დიფ სთეითისგან“, „გლობალური ომის პარტიისგან“, მისი გავლენებისგან გათავისუფლდეს ყველა ევროპული ქვეყანა, საბოლოო გათავისუფლდეს ამერიკის შეერთებული შტატები. ამ შემთხვევაში პრინციპები იქნება დაცული. თუ სხვანაირად განვითარდა მოვლენები, ამ შემთხვევაში კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე იქნება ისეთი პრინციპები, როგორიც არის სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა, დემოკრატია და ა.შ. „დიფ სთეითის“ და „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის პირობებში თქვენ ხედავდით, რომ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა ეს პრინციპები. იმედი ვიქონიოთ, რომ ის ტენდენცია გაგრძელდება, რომელსაც დღეს ვხედავთ ჩვენ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის ცალკეულ ქვეყნებში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ შეაფასა ასევე დონალდ ტრამპის გზავნიოლები. მისი თქმით, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს არაფორმალური გავლენებისგან და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, იყოს უზრუნველყოფილი სამართლიანობა.

„ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ ამ გზავნილებს. ჩვენ ამ დროის განმავლობაში ვსაუბრობდით იმ არაფორმალურ გავლენებზე, რომლებსაც არასწორი მიმართულებით მიჰყავდა პროცესები როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში და ამის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო ჩვენი ქვეყანა. იმის გამო, რომ არაფორმალურად იმართებოდა აშშ, მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში და დღემდე, სამწუხაროდ, არაფორმალურად იმართება სტრუქტურების უდიდესი ნაწილი ევროკავშირში, ჩვენს ქვეყანას მიადგა საკმაოდ დიდი ზიანი. იყო უამრავი უსამართლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, უნდა გაიწმინდოს ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, იყოს უზრუნველყოფილი სამართლიანობა, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომლებიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან“, - თქვა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში