ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთი უკვე დატოვა. იგი ამ დროისთვის ამსტერდამში იმყოფება - აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ყაზახეთში ვიზიტთან დაკავშირებით დღეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ოფისში გაკეთდა.
ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში, ქალაქ ატირაოში ყაზახეთის მიწვევით ჩაფრინდა. იგი მესაზღვრეებმა რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით დააკავეს.
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადბენ, რომ ლევან ვარშალომიძე რუსეთის მიერ ძებნილად იყო გამოცხადებული და სწორედ ამ ფაქტის საფუძველზე მოხდა მისი დროებით, ქალაქ ატირაოს პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა.
ელგუჯა ბაგრატიონის ინფორმაციით, გამოკითხვისა და მასალების შესწავლის შედეგად გაიკრვა, რომ ლევან ვარშალომიძეზე ძებნა რუსეთმა არა სამართლებრივი მოტივით, არამედ პოლიტიკური ნიშნით გამოაცხადა, ამიტომ, მისი თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე მალევე გაათავისუფლეს.
ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში 18 მარტს დააკავეს.