პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე პაატა დავითაიას უსმენენ

26 მარტი 2025, 11:33 394 ნახვა

2008 წელს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მორჩა, ძალიან სერიოზულ დონეზე იდგა საკითხი, რამდენიმე მიმართულებით დაწყებულიყო ამ საკითხის გამორკვევა. პირველ რიგში, ეს იყო იმდროინდელი ოპოზიციის მოთხოვნა, რომელიც იმყოფებოდა პარლამენტში. მე მაშინ უმცირესობის ლიდერის მოადგილის თანამდებობას ვიკავებდი, - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

პაატა დავითაიამ, რომელიც თავად ხელმძღვანელობდა ,,2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილ პარლამენტის დროებით კომისიას'', გაიხსენა, რომ იმდროინდელი ოპოზიცია ითხოვდა საგამოძიებო კომისიის შექმნას, თუმცა, უმცირესობის ამ პოზიციას არ იზიარებდა საპარლამენტო უმრავლესობა, რომელსაც მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენდა. 

„ყველა სესიაზე, როდესაც გაიხსნა სასესიო მუშაობა და პარლამენტი შეუდგა მუშაობას საბრძოლო მოქმედებების შემდგომ, ოპოზიცია აყენებდა ამ საკითხს, რომ შექმნილიყო კომისია და ამის საჯარო მტკიცებულებაც არსებობს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ უმცირესობის პოზიცია მდგომარეობდა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ამაზე ღიად კეთდებოდა განცხადებები, მაგრამ, როდესაც საუბარი იყო უმრავლესობის პოზიციაზე, მოხდა შეჯერება იმასთან დაკავშირებით, რომ შექმნილიყო საპარლამენტო კომისია, იმიტომ, რომ იცით საგამოძიებო კომისიას ხმათა რაოდენობა სჭირდება. მაშინდელი ძალთა გადანაწილება პარლამენტში არ იძლეოდა იმის საშუალებას, უმრავლესობის კეთილი ნების გარეშე შემდგარიყო საგამოძიებო კომისია. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის და უმცირესობის შეჯერებული პოზიციით შეიქმნა დროებითი საპარლამენტო კომისია და არა საგამოძიებო კომისია“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

პაატა დავითაიას თქმით, მისთვის პრინციპული საკითხი იყო კოდორის ხეობა.

„რაც შეეხება კოდორის ხეობას, როგორც თქვენთვის არის ახლო ეს ხეობა, კოდორის ხეობა არის გულრითშის რაიონის ნაწილი და ამ რაიონის მაცხოვრებელი ვარ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან პრინციპული საკითხი იყო კოდორის ხეობა. რაღაც ნაწილში გრიფით საიდუმლოა, რაღაც ნაწილში არ არის. არ მახსოვს ეს ნაწილები, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ყველას ვუსვამდი კითხვას, როგორ მოხდა კოდორის ხეობიდან გამოყვანა. ეს იყო პრინციპული საკითხი ჩემთვის. ვინ გასცა ეს ბრძანება. დასკვნაში ასახულია, ვინ გასცა ეს ბრძანება, ბრძანება გასცა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, რაც პირდაპირ წერია დასკვნაში. ის მოტივირებული იყო რაღაც ალყის თემიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, კოდორის ხეობა ალყაში მოქცეულიყო ზუგდიდიდან – ვინაიდან ზუგდიდიდან შემოსვლა მოხდა რუსული ჯარების, იქიდან მოხდებოდა ასვლა.

ეს არის ჩვენებებში მის მიერ მიცემული. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩემთვის პრინციპული იყო ცოდნა, ვინ გასცა ეს ბრძანება. ოთხმა მინისტრმა ვერ გასცა ამას პასუხი, ბატონმა მერაბიშვილმა გასცა პასუხი. რაც შეეხება გაფრთხილების თემებს, ეს რეკომენდაციებში ჩაიწერა, რომ, ასე ვთქვათ, ასეთი რაღაცები აღარ იყო. სამოქალაქო თავდაცვაზეა ლაპარაკი. მაგალითად, მთელი თავი მივუძღვენით ამ თემებს. ეს მოიცავდა ყველა მიმართულებას, არა მარტო კოდორის ხეობაზეა ლაპარაკი, არამედ ლაპარაკია მთლიან მასშტაბზე, საქართველოს მასშტაბზე“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

პაატა დავითაიას განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის მომზადების ან მისი მიღების შემდგომ, არც ერთი მაშინდელი თანამდებობის პირის მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში