არაფერი თავის სამართლებელი არ გვაქვს, როგორც ნებისმიერ ადამიანს, ჩვენც დაგვიშვია შეცდომები, მაგრამ ეს არ ყოფილა კანონის დარღვევა, ეს არ ყოფილა არასდროს სხვისი ქონების მითვისება - მამუკა ხაზარაძე

27 მარტი 2025, 14:53 238 ნახვა

არაფერი დასამალი, მით უმეტეს დასაყვედრებელი და თავის სამართლებელი არ გვაქვს. როგორც ნებისმიერ ადამიანს, რა თქმა უნდა, ჩვენც შეცდომები დაგვიშვია, მაგრამ ეს არ ყოფილა კანონის დარღვევა, ეს არ ყოფილა არასდროს სხვისი ქონების მითვისება, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, საგამოძიებო კომისიაში ბადრი ჯაფარიძისა და მის არმისვლას აქვს სერიოზული არგუმენტი, რომ არ აღიარებენ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად.  ხაზარაძე ამბობს, რომ მზადაა, ნებისმიერ შეკითხვას სასამართლოში უპასუხოს.

„იცით, რომ არალეგიტიმურმა პარლამენტმა კანონის სრული დარღვევით შექმნა არალეგიტიმური კომისია. კანონმდებლობაში თუ ჩაიხედავთ, ნახავთ, რომ ეს კომისიაც არალეგიტიმურად არის შექმნილი, რადგან იქ არ არის ოპოზიციის ის კვოტა წარმოდგენილი, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პარლამენტს ჩვენ ვთვლით არალეგიტიმურად. კომისიამ დაგვიბარა მე და ბადრი ჯაფარიძე. კომისიის სახელი ყველამ ცით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის შემსწავლელი კომისია და რატომღაც, ერთ-ერთი პირველი დაგვიბარეს იმისთვის, რომ გააგრძელონ ის პოლიტიკური დევნა, რაც ჩვენ მიმართ, პირადად ჩემ მიმართ და ბადრის მიმართ მიმდინარეობს უკვე მეექვსე წელია. იმ დღიდან დაწყებული, რაც ჩვენ გადავწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა. ალბათ აკვირდებით, რომ ამას აქვს ინტენსიური ფორმა და ემსახურება ერთ მიზანს, რომ საქართველოში მოკვდეს თავისუფალი აზრი, ყველა თავისუფალი, დამოუკიდებელი პოლიტიკოსები ან პოლიტიკური ჯგუფი, ამ შემთხვევაში ჩვენ, იქნას დისკრედიტირებული, ერთმანეთში არეული ტყუილ-მართალი მიეწოდოს საზოგადოებას, რათა მოხდეს პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური სივრცის გასუფთავება კრიმინალური „ქართული ოცნების“ ძალაუფლებისთვის. ჩვენ მიმართ ოთხი წლის განმავლობაში იყო დაწყებული აბსურდული ბრალდება. ეს არის ფულის გათეთრების ბრალდება. ბიძინა ივანიშვილის, მურუსიძის სასამართლო ატარებდა ამას ყველაფერს და ის პროკურორები, ხაზს ვუსვამ, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც იყვნენ პროკურორები, ის მოსამართლეები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყვნენ მოსამართლეები, მიუხედავად ამისა, ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი სასამართლოში სიარულზე, არ დაგვიტოვებია ქვეყანა და არც ახლა ვაპირებთ. ამიტომ ჩვენს არმისვლას ამ მართლა საცირკო სანახაობაში, რომელსაც ქალბატონი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, აქვს ამ მხრივ ძალიან სერიოზული არგუმენტი. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ხედვა, პარლამენტს არ ვაღიარებთ ლეგიტიმურად. ამის გამო ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ დატოვა მანდატები, არ ეთანამშრომლება ამ პარლამენტს და მეტიც, მას არ აღიარებს არცერთი დემოკრატიული ქვეყანა.

ჩვენ არ გვინახავს არცერთი დასკვნა, სადაც ეს პარლამენტი შეიძლება იქნას ჩათვლილი ლეგიტიმურად. ამავე დროს, ვამბობთ, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ექვემდებარება სრულად პროკურატურა და სასამართლო, მზად ვართ, მისივე სასამართლოში ნებისმიერი ბრალდება, რომელიც კი შეიძლება არსებობდეს, მოგონილი, ტყუილი, დოკუმენტირებული, არგუმენტირებულად სასამართლოს წინაშე გავარჩიოთ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ უბრალოდ არ მოვდივართ და პასუხს არ გავცემთ – არა, ჩვენ ყველა ამ კითხვას აუცილებლად გავცემთ პასუხს სასამართლოში, რადგან მე ვცემ პატივს საზოგადოებას, ჩემ განვლილ ცხოვრებას და ბადრის განვლილ ცხოვრებას. არაფერი დასამალი, მით უმეტეს დასაყვედრებელი, მით უმეტეს, თავის სამართლებელი არ გვაქვს. აქვე ვამბობ, რომ, როგორც ნებისმიერ ადამიანს, რა თქმა უნდა, ჩვენც შეცდომები დაგვიშვია, მაგრამ ეს არ ყოფილა კანონის დარღვევა, ეს არ ყოფილა არასდროს სხვისი ქონების მითვისება, ინტენსიურად კულტივირებენ ნარატივს, თურმე ჩვენი ბიზნესი ყოფილა ბინების წართმევა და სხვისი ბიზნესების წართმევა, შემდეგ მასზე ხელის მოთბობა, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, ვერ ნახავთ ვერცერთ ქეისს, ვერცერთ მაგალითს, სადაც ჩვენ სხვისი დაწყებული ბიზნესი დავიტოვეთ და შემდეგ მასზე რაღაც ბიზნესი დავაშენეთ. არ არსებობს ასეთი, ისევე როგორც ვინმეს ქონება. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ ამას უნდა დაესვას წერტილი. ჩემი ბრალია, სოციალურ ქსელში ასეთ შემოტევებს ვპასუხობდი პირადად, ვეუბნებოდით, აბა დოკუმენტი დადეთ, ბუნებრივია, რომ ეს ფართო საზოგადოებამდე ბოლომდე არ მიდის. ჩემი ბრალია, რომ აქამდე მსგავსი შეხვედრა თქვენთან არ მოვაწყვე, ალბათ ეს თავიდანვე უნდა გამეკეთებინა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ მედიასთან შეხვედრისას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში