დავიცავით წვერიახოს გადმოსასვლელი არხი, საიდანაც მოსახლეობამ შეძლო გამოსვლა, ამისთვის ბევრი მსხვერპლი გაიღო შეიარაღებულმა ძალებმა - ზაზა გოგავა

27 მარტი 2025, 16:58 181 ნახვა

რეზერვის სისტემა ჩვენი თავდაცვის სისტემისთვის დღესაც აქილევსის ქუსლია, ახალი სისტემაა, თუმცა რეზერვის იმ ქვედანაყოფებმა, რომლებიც 2008 წელს გარკვეულ მონაკვეთებში ჩავრთეთ, ამოცანები, ასე თუ ისე, მაინც შეასრულეს, – ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა, ზაზა გოგავამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

კითხვაზე, რეზერვისტებზე პასუხისმგებელი ვინ იყო, არსებობს ტელეეთერები, სადაც მოქალაქეებს გვიხსნიდნენ, რომ ამ ყველაფრის კოორდინაციას ახდენდა თბილისის მერი გიგი უგულავა, ზაზა გოგავამ უპასუხა, რომ რეზერვისტებზე თავად იყო პასუხისმგებელი.

„რეზერვისტებზე პასუხისმგებელი იყო გენერალი გოგავა, საომარი თეატრია, მთავარსარდალი ვარ, ამ გადაწყვეტილებებზე პასუხს მე ვაგებ. რეზერვის სისტემა ჩვენი თავდაცვის სისტემისთვის აქილევსის ქუსლია დღესაც. ეს არ მაძლევს უფლებას თავი გავიმართლო ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. ეს არის ახალი სისტემა, თუმცა ის რეზერვის ქვედანაყოფები, რომლებიც გარკვეულ მონაკვეთებში ჩავრთეთ ქაოსურად იყო, გეგმურად იყო, დავარცხნილები იყვნენ თუ მომზადებულები არ იყვნენ – აქედან მინდა, მადლობა ვუთხრა, რადგან ამოცანები, ასე თუ ისე, მაინც შეასრულეს. ბოდიში მინდა მოვუხადო იმ მოხალისეებს, ვინც მოგვაკითხა, ბევრი იყო ასეთი მოქალაქე, მაგრამ უარი ვუთხარით. წარმოიდგინეთ, კადრირებული ბრიგადები, რომლებშიც დაახლოებით, ხუთი ოფიცერია. ამ სისტემის შექმნაა დაწყებული.

 

ქვეყანაში ვინმე თუ მოიძებნება, რომელიც იტყვის, რომ საქართველოში 2008 წელს რეზერვი არსებობდა, არც გავგიჟებულვარ ისე, რომ ზაზა გოგავამ გამოაცხადოს ახლა, რომ ჩვენ ისეთი რეზერვის სისტემა შევქმენით, რომელმაც შემდგომ შედეგი მოეტანა – არა. ეს არის შექმნის პროცესში სისტემა, სადაც არ გვყოფნის ოფიცრები, კადრირებული ბრიგადები არ გვაქვს. გეთანხმებით, რომ ამას უხეშად რომ შეხედო, ამ დროს სამხედროსთან მიახლოებული არაფერი გვაქვს. ასეთი მდგომარეობა იყო“, – განაცხადა ზაზა გოგავამ.

მისივე განცხადებით,  შეიარაღებული ძალების ძალისხმევით მოხდა წვერიახოს გადმოსასვლელი არხის დაცვა, რის შედეგადაც მოსახლეობამ შეძლო, დაეტოვებინა ტერიტორია.

როგორც გოგავამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა, შეიარაღებულმა ძალებმა ბევრი მსხვერპლი გაიღო, რომ სასიცოცხლო გზა თავისუფალი ყოფილიყო.

„ყველა ხეობიდან, რაც კი სოფლებია, თითქმის ყველა, უმეტესობა გამოვიდა. ეს იყო ის ძალისხმევა, რაც შეიარაღებულმა ძალებმა გასწია. მათ შორის ქურთადან, ეს ხეობას ეკუთვნის. ერთი გადმოსასვლელი აქვთ ლიახვზე, ამოდიან წვერიახოზე და გამოდიან, სხვა გამოსასვლელი მანდ არ არსებობს. ჩვენ გამოვიყვანეთ, ამისთვის ბევრი მსხვერპლი გაიღო შეიარაღებულმა ძალებმა და ეს ასეც უნდა იყოს, ხალხს ვემსახურებით ჩვენ“, – განაცხადა ზაზა გოგავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში