ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

30 მარტი 2025, 16:51 179 ნახვა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, „სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში დამნაშავეები, რომლებიც სამხრეთ ოსეთში შეჭრის ბრძანებებს გასცემდნენ, უნდა დაისაჯონ“.

„საქართველოში პარტია „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის, თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით, მუშაობა დაიწყო 2025 წლის 5 თებერვალს შექმნილმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიზნით. როგორც აღინიშნება, კომისია გამოიძიებს დანაშაულებს, რომლებიც ჩადენილი იყო არა მხოლოდ 2003-დან 2012 წლამდე, არამედ ასევე შეეხება 2012 წლის შემდგომ პერიოდს, ასევე მ. სააკაშვილის პრეზიდენტობას და, კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, რომლებთან დაკავშირებითაც ყოფილი ქართველი სამხედრო მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკური მოღვაწეების ნაწილი უკვე დაიკითხა.

 

უდავოა, რომ სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში დამნაშავეები, რომლებიც გასცემდნენ სამხრეთ ოსეთში შეჭრის, სამშვიდობოებზე თავდასხმის, ოსი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის აქტების განხორციელების ბრძანებებს, უნდა დაისაჯონ. რამდენად ზუსტად და გამჭვირვალედ მიუდგება ამჟამინდელი კომისია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებას, დრო გვაჩვენებს, მაგრამ აშკარაა ჰ. ტალიავინის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კომისიის მუშაობის შედეგები, რომელმაც განსაზღვრა, რომ საქართველო არის აგრესორი“, – აღნიშნავენ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დე ფაქტო სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ „აშკარაა სამხრეთ ოსეთის ხალხის არჩევანი: დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა, რუსეთთან, რომელიც მისი უსაფრთხოების გარანტია და სხვა მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობების ყოველმხრივი გაძლიერებისკენ სწრაფვა“.

„2008 წლის აგვისტომ ნათლად აჩვენა, ვინ არის ოსი ხალხის მეგობარი და ვინ – მტერი“, – ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში