აოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია - სუს-ი

30 მარტი 2025, 18:18 207 ნახვა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ, ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მუშაობას განაგრძობს.

„ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას უკანონოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლის ვადით, თუმცა მისი უკანონო პატიმრობის რეალური ხანგრძლივობა ოთხ წელსა და ექვს თვეს გაუტოლდა.

 

აღნიშნულ პერიოდში ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და სხვა რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული მოლაპარაკებებისა თუ კომუნიკაციის ყველა სხვა ბერკეტი და ინსტრუმენტი.

 

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში