სულხან ღლონტი: ''რუსეთის განცხადება საქართველოში ტურისტულ ნაკადზე გავლენას ვერ მოახდენს''

16 მაისი 2017, 00:00 4135 ნახვა

იმოქმედებს თუ არა საქართველოში ტურისტულ ნაკადზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილება, სადაც სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტამდე რისკების გათვლისკენ მოუწოდებს.

ტურიზმის დეპარტამენტში, სეზონის წინ, ამ განცხადებას ნეგატიურად აფასებენ, თუმცა, ფიქრობენ, რომ ის ფატალური არ იქნება.

''რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, საქართველოში ტურისტულ ნაკადზე გავლენას ვერ მოახდენს " - ასე ფიქრობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი.

 "რა თქმა უნდა არ არის პოზიტიური განცხადება ტურიზმის თვალსაზრისით, თუმცა, ვფიქრობ, ეს არ იქნება ფატალური დარტყმა ჩვენი რეგიონისთვის და ქვეყნისთვის. ვფიქრობ, ეს განცხადება ვერ იქონიებს გავლენას იმ ტურისტებზე, რომლებმაც საქართველოში უკვე გადაწყვიტეს მოგზაურობა და დასვენება'' - ამბობს სულხან ღლონტი. ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთის გარდა, 15 ქვეყანაში მიმდინარეობს აჭარის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება და ალტერნატიული ბაზრების მოძიება. 

ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2016 წელს აჭარაში რუსეთიდან 55 686 ტურისტი შემოვიდა და ის იმ ქვეყნების ხუთეულშია, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა. 

ლიდერი ქვეყნების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: თურქეთი 78 965,  რუსეთი 55 686,  უკრაინა 45 239,  ისრაელი 41 355, აზერბარჯანი 31 326

აჭარაში ტურისტების დიდი ნაკადია ირანიდან და არაბეთიდან. 

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყნის მასშტაბით რუსეთიდან მილიონზე მეტი ტურისტი შემოვიდა, რაც ქვეყნის ტურისტული ნაკადების წილის 16 %ია. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში