შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, მოადგილესთან შალვა თადუმაძესთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, მინისტრს დეპარტამენტის დირექტორმა თენგიზ სისაურმა, ქვედანაყოფის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები გააცნო. თავის მხრივ, გეკა გელაძემ ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო პროცესში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის როლსა და მნიშვნელობაზე. მინისტრმა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ქვედანაყოფის სამუზეუმო სივრცეში, სპეციალურად მოზარდებისთვის მოწყობილი სტენდები დაათვალიერა.
მოსწავლეები საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კამპანია „პროფესია პოლიციელის“ ფარგლებში იმყოფებოდნენ, რომლის მიზანია მოზარდებისთვის სამართალდამცველთა საქმიანობის გაცნობა და პოლიციელის პროფესიის პოპულარიზაცია. კამპანიის მიმდინარეობისას, მოზარდებს საშუალება ეძლევათ სამინისტროს სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფს ეწვიონ, ადგილზე გაეცნონ ინფრასტრუქტურასა და პოლიციელთა ყოველდღიურ საქმიანობას.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
