პრეზიდენტის ბრაძანებულება პრემიერს გადაეგზავნა

04 ივნისი 2016, 00:00 2845 ნახვა

საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ახალ განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ხელი 10 დღის ვადაში უნდა მოაწეროს.  კანონმდებლობის მიხედვით, კონტრასიგნაციის შემდეგ განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში უნდა გამოქვეყნდეს, არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე კი წინასაარჩევნო კამპანია იწყება. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან კი ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. ბრძანების  ხელმოწერისთანავე  ამოქმედდება აკრძალვები  წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებასთან დაკავშირებით.  როგორც ცნობილია, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება, რომ ქვეყანა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში არჩევნებამდე 4 თვით ადრე - 8 ივნისიდან გადავიდეს. სავარაუდოდ,   მთავრობა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ქვეყნის პირველი პირის ახალ განკარგულებას მომავალი კვირის სხდომაზე განიხილავს. საქართველოს პრეზიდენტმა,   საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე განკარგულება გუშინ გამოსცა, რომლის თანახმადაც  პარლამენტისა და  აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდება.   

ამავე კატეგორიაში