უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა მიიღო

26 ივლისი 2017, 00:00 2530 ნახვა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოსგან ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა მიიღო. გენერალური პროკურორის პრესმდივნის განცხადებით, მათი მიზანი კიევის გზაზე ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნის უკანონო მშენებლობის ფაქტზე კიევის ყოფილი მერის დაკითხვა. უწყების ინფორმაციით, ჩერნოვეცკი გამოძიებას თავს არიდებს, სწორედ ამიტომ სასამართლომ მისი დაპატიმრების ნებართვა გასცა. გენერალური პროკურატურა მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოში მყოფი ჩერნოვეცკი უკრაინას შესაძლოა ინტერპოლის ინტერვენციის გარეშეც გადასცენ. კიევში, იუნესკოს მიერ დაცულ ისტორიულ ტერიტორიაზე ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნის მშენებლობა 2010 წლის ოქტომბერში დაიწყეს. 2015 წლის ზაფხულში გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანოებს სამშენებლო სამუშაოების შესრულების ნებართვა არ გაუცია და მშენებლობა უკანონოდ ხორციელდებოდა.

ჩვენ ვცდილობთ ლეონიდ ჩერნოვეცკის კომენტარის მოპოვებას, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. საზოგადოებრვი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი ქობულეთში, მის საცხოვრებელ სახლთანაც იმყოფებოდა. არის თუ არა ლეონიდ ჩერნოვეცკი ქობულეთში უცნობია. მეზობლები აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. 

კიევის ყოფილი მერი,  საქართველოს პარლამენტში ქობულეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.  წინასაარჩევნო შეხვედრების დროს ის ამომრჩეველს რუსულად თარჯიმნის დახმარებით  ესაუბრებოდა.  „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ჩერნოვეცკის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვდა, არგუმენტად კი სწორედ  ქართული ენის არცოდნას ასახელებდა. მაშინ ცესკომ საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა. ”ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერმა, ლეონიდ ჩერნოვეცკიმ მოგვიანებით პოლიტიკური საქმიანობა თავად შეაჩერა. კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს ხშირად აფინანსებდა. მათ შორის იყო „ქობულეთობა“,  რომელიც 30 ივნისს გაიმართა.

ამავე კატეგორიაში