ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 თვის წინ დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ბრალეულობას განიხილავენ. წლის ერთ-ერთ გახმაურებულ და სკანდალურ საქმეზე თავად ბრალდებული გამოიკითხება. დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატი აცხადებს, რომ დღეს დეკანოზი გიორგი მამალაძე იტყვის, თუ ვინ მოქმედებდა მის წინააღმდეგ და რომ მას მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი არ ჰქონია.
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თებერვალში დააკავეს. მას გამოძიება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მდივან რეფერენტ, შორენა თეთრუაშვილის ანგარებით განზრახ, მკვლელობის მომზადებას ედავება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამის გარდა დაკავებულ სასულიერო პირს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის. იგი დანაშაულს არ აღიარებს.