საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

07 აგვისტო 2017, 00:00 1920 ნახვა

2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.  მასში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრული უგულებელყოფით აგრძელებს სუვერენული სახელმწიფოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას. ასევე რეგულარულად ხდება საოკუპაციო ხაზზე ადამიანთა უკანონო დაკავებები და გატაცებები. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა აფხაზეთის მიმართულებით ოთხი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვამ.

უწყების ინფორმაციით, რუსეთის პროვოკაციული ქმედებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ურყევად აგრძელებს თავის სამშვიდობო პოლიტიკას და დიპლომატიის, მოლაპარაკებებისა და დიალოგის გზით ესწრაფვის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას. რუსეთისაგან განსხვავებით, საქართველო პირნათლად ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და კონსტრუქციული ჩართულობით ცდილობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგის მიღწევას. ქართული მხარე კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე შედეგების აღმოფხვრისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით. 

ამავე კატეგორიაში