მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 12 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიების დასაფინანსებლად აჭარის მთავრობამ სამ მილიონნახევარი ლარი გამოყო. ქობულეთის მუნიციპალიტეტს ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის 163 ათასი, ქედას ნაგავმზიდი ავტომობილის შესაძენად 171 ათასი, გზების დეპარტამენტს კი მილიონ 255 ათასი ლარი გამოეყო.
მერიამ 5 პროექტის განხორციელებისთვის კი მთავრობისგან დამატებით 2 მილიონამდე ლარი მოითხოვა. ამ თანხით 27 ქუჩისა და ჩიხის კეთილმოწყობა, სამი ახალი ლიფტის მონტაჟი და 15 ეზოს მოპირკეთება იგეგმება. 186 100 ლარი გამოიყო თამარის დასახლებაში ქვეითებისთვის გადასასვლელი ხიდის მშენებლობისთვის. მთავრობის წევრებმა დღესვე მხარი დაუჭირეს გამარტივებული ტენდერის გზით, იურიდიული მომსახურების შესყიდვას, რომელიც თვითმმართველობას 10 ათასი ლარი უჯდება.