აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

29 აგვისტო 2017, 00:00 2770 ნახვა

ამ დროისთვის აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება, ადგილზე ტექნიკის მიყვანა რთულია.  მოხალისეები, რომლებიც ცეცხლის კერებთან მუშაობდნენ ამბობენ, რომ ხანძარი დაახლოებით 5 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ცეცხლი ნიადაგს, ტორფს უკიდია და ახალ–ახალი კერები ჩნდება."სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტის, ლუბა გიორგაძის თქმით, მოხალისეთა დაახლოებით 20–კაციანმა ჯგუფი ამ დროისათვის ხანძრის კერა დატოვა. ისინი ამბობენ, რომ მუშაობა ძალიან რთულია.

აბასთუმანში ხანძარი დღეს, 29 აგვისტოს გაჩნდა. დაბაშიც და მიმდებარე სოფელშიც ძლიერი დაკვამლიანებაა. ადგილი მიუვალია, ტყე უღრანი, ამიტომ ტექნიკას უჭირს მუშაობა, ხანძრის ლოკალიზებას ცოცხალი ძალა: მეტყევეები, მეხანძრე–მაშველები და მოხალისეები ცდილობენ. სვირიდან აბასთუმანში გადაინაცვლა სასაზღვრო ძალების ვერტმფრენმა. ბოლო ინფორმაციით, სტიქიასთან ბრძოლაში ჩაერთვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთი ვერტმფრენი ხანძარს ვერ ჩააქრობს. ამ ეტაპზე ცდილობენ ტყეში გზები გაჭრან იმისათვის, რომ ხანძრის კერებთან სახანძრო მანქანებმა მისვლა შეძლონ. აბასთუმანში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილიც იმყოფება.

წყარო:http://sknews.ge/index.php?newsid=14555%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D

ამავე კატეგორიაში