საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 7%-ზე ტოვებს

06 სექტემბერი 2017, 00:00 2327 ნახვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 6 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ  გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინფლაციის მაჩვენებლის დინამიკა  არსებულ პროგნოზებთან შესაბამისობაშია. არსებული პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება.  მომავალი წლის დასაწყისში დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, კი სამპროცენტიან მაჩვენებელს დაუახლოვდება. დამატებითი შოკების არარსებობის შემთხვევაში, საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება და ნეიტრალურ დონეს დაუახლოვდება.

„საგარეო მოთხოვნა კვლავ დადებითი ტენდენციებით ხასიათდება. მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობს როგორც საქონლის ექსპორტი, ასევე ტურიზმის შემოსავლები.  ფულადი გზავნილების მაჩვენებელი იზრდება.  იმპორტის მოცულობამ ზომიერად იმატა. წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში ეკონომიკის ზრდა 4.4 პროცენტია. ეკონომიკური აქტივობა კვლავ პოტენციურ დონეზე ნაკლებია და, შესაბამისად, ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან ზეწოლის რისკებს არ ქმნის“ - წერია განცხადებაში.საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს მომავალშიც დააკვირდება.   ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კი მის ხელთ არსებულ საშუალებებს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა, 2017 წლის 25 ოქტომბერს გაიმართება.

ამავე კატეგორიაში